მიმდინარე წლის ივნისში ამერიკის მედიცინისა და სტომატოლოგიის განვითარების აკადემიის (AADMD) ორგანიზებით გაიმართა ონლაინკონფერენცია, რომელიც ინკლუზიური ჯანმრთელობის საკითხებს მიეძღვნა.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ამ სფეროში მოღვაწე წამყვანი მეცნიერების, ექიმებისა და პოლიტიკური ლიდერების მოსაზრებები და წინადადებები, როგორ მომზადდეს კლინიცისტები იმ გამოწვევებისათვის, რომელსაც ფიზიკური და გონებრივი განვითარების შესაძლებლობების შეზღუდვით დაავადებული ადამიანების მოვლა ჰქვია, რათა არცერთი მათგანი არ დარჩეს ხარისხიანი და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გარეშე.
სამდღიანი კონფერენცია პანელური დისკუსიებითა და სესიებით გაგრძელდა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი დუღაშვილი. ის 2013 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ამ სფეროში და დღეს უკვე ორგანიზაცია "Special Olympics"-ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სერტიფიცირებული კლინიკური დირექტორი და მისი წარმომადგენელია საქართველოში.
გიორგი დუღაშვილმა ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტში, დაამთავრა დოქტორანტურა და თავისი კარიერის განმავლობაში არაერთი გრანტი, სერტიფიკატი და ჯილდო მოიპოვა, მათ შორის:
- მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უდიდესი სპორტული ორგანიზაციის, "Special Olympics"- ის გრანტი (3ჯერ);
- ევროკავშირის გრანტი სადოქტორო კვლევისთვის (2ჯერ);
- კემბრიჯის უნივერსიტეტის სერტიფიკატი (ESOL);
- ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიკატი (Justice);
- „წლის ექიმი - 2018“-ის საპატიო წოდება.
გიორგი დუღაშვილი, თავის პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, წარმატებით ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში და თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს მომავალ ექიმებს.