ქართულ სპორტს ამ დღეებში კიდევ ერთი ჩემპიონი ქალი შეემატა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აღზრდილი და ახლა მისი სამართლის მაგისტრანტი - ბორენა ცერცვაძე.
ბორენამ უკრაინაში, ქალაქ ლუცკში, ძალისმიერ ორჭიდში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ამით ძალიან გაახარა თავისი ქვეყანა და მშობლიური უნივერსიტეტი. მან 67,5 წონით კატეგორიაში ასპარეზობისას 130 კგ. დაძლია და მოასპარეზეთა შორის უძლიერესის ტიტულიც მოიპოვა.
„ყოველთვის მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის და ეს ახლა შევძელი, მიხარია... სპორტი მაძლიერებს, ფიზიკური აქტივობა დისციპლინას მაჩვევს და ნებისყოფას მივითარებს, ყოველი წარმატება კი რწმენასა და თავდაჯერებულობას მმატებს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება, საკუთარი თავის რწმენა და ადამიანების სიყვარული...“
საერთაშორისო ასპარეზზე ეს ბორენას პირველი აღიარებაა, წინ ჯერ კიდევ არაერთი გამარჯვება ელის. ვულოცავთ და ვუსურვებთ კვლავაც წარმატებით ეასპარეზოს ჩვენი ქვეყნისა და მშობლიური უნივერსიტეტის სასახელოდ!