გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა დემურ გიორხელიძემ გამოსაცემად მოამზადა ლექციების კურსი „თანამედროვე (უმაღლესი) მაკროეკონომიკა“ სტუდენტებისათვის.
ორ წიგნად მომზადებული ლექციების სრული კურსი პრაქტიკულად მთელ თანამედროვე მაკროეკონომიკას მოიცავს, რაც თავისთავად გულისხმობს მიკროეკონომიკური მოდელირების აპარატის ფართოდ გამოყენებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე მაკროეკონომიკის საფუძველში არსებულ ღრმა წარმოდგენებსა და კონცეფციებს, აგრეთვე, იმ ახალ მიმართულებას, რომელსაც საფუძვლად უდევს თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი ფუძე-საყრდენი „არაწრფივი დინამიკა''. კლასიკური მიდგომებისაგან განსხვავებით, რომელთა ფარგლებშიც ეკონომიკა მუდმივად იმყოფება წონასწორულ მდგომარეობაში, განხილულია ეკონომიკის წონასწორობის მდგრადობის საკითხები და მისი ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლებლობები (მდგრადობის დაკარგვა).
წინამდებარე ლექციების კურსის პირველი წიგნი შედგება შესავალი ნაწილისა და ხუთი თავისაგან: ფუნდამენტური წანამძღვრები; არაწრფივი დინამიკური ეკონომიკური სისტემები; სოლოუს ეკონომიკური ზრდის მოდელი; მოდელები დაგეგმვის უსასრულო ჰორიზონტითა და მოდელები გადაფარვადი თაობებით; ენდოგენური ზრდის თეორიები (ზრდის ახალი თეორიები). პირველი თავის დანართში განხილულია შემთხვევითი პროცესები იმ სახითა და მოცულობით, რომელიც აუცილებელია აღნიშნული საკითხების გასაგებად.
ლექციების ეს კურსი განკუთვნილია მაგისტრანტებისათვის. მისი ზოგიერთი ნაწილი (შერჩევით) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბაკალავრიატის ბოლო კურსების სტუდენტებისათვის, გაღრმავებული დონის შესაბამისი საგნის სწავლებისას. ლექციების კურსი (წიგნი 1), როგორც წესი, გათვლილია ორ სემესტრზე, სწავლების ერთი წლის ხანგრძლივობით.
წიგნი გამოიცემა 2021 წლის იანვარში. (გაცნობითი ფრანგმენტი)
დემურ გიორხელიძე 23 სამეცნიერო ნაშრომის, არაერთი ფუნდამენტური ხასიათის სახელმძღვანელოს, მაგისტრანტებისათვის გაღრმავებული დონის სალექციო კურსის, სამეცნიერო მონოგრაფიის, პუბლიცისტური და ლიტერატურული წიგნისა თუ ანალიტიკური სტატიის ავტორია.