2020 წლის 26 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“.
კონფერენციას უძღვებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი - აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. კონფერენციიის მონაწილეებს მიესალმნენ: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე; ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი კრის ესკრიჯი; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
კონფერენციაზე განსახილველად ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა 19 მოხსენება წარმოადგინეს, მათ შორის, უცხოეთსა და თბილისის ფარგლებს გარეთ მყოფებმა - ონლაინ ფორმატით. განსახილველ თემასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: გიორგი კვესიტაძემ და როინ მეტრეველი, პროფესორები: მინდა უგრეხელიძე, ეკა ბესელია, დავით სუჯაშვილი და მალხაზ ბაძაღუა, ასევე, ანზორ ჩუბინიძე.
საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ შეაჯამა კონფერენციის შედეგები და წარმოადგინა სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, მათ შორის, ინიციატივა საქართველოს ვიქტიმოლოგიური საზოგადოების დაფუძნების აუცილებლობის შესახებ. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალში „კრიმინოლოგი“, ხოლო გამოთქმული მოსაზრებები და წინადადებები ეცნობება შესაბამის სახელმწიფო, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო აკადემიის წევრებს - დიპლომები.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკაკადემიკოსები: რამაზ ხუროძე, ვაჟა ლორთქიფანიძე და თამაზ შიკალაძე. ასევე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.