13 ოქტომბერს I აკადემიური წლის სტუდენტები ასოცირებული პროფესორის მაკა ფირანაშვილის ხელმძღვანელობით სამხრეთ საქართველოში იმყოფებოდნენ.
სასწავლო-შემეცნებითი ტური მიზნად ისახავდა საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების გაცნობასა და სამხრეთ საქართველოს, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების შესწავლას.
სტუდენტებმა პედაგოგთან ერთად შეადგინეს და დაამუშავეს მარშრუტი, მოამზადეს სასწავლო თემატიკა და მოინახულეს ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და ფოკის მამათა მონასტერი. ეს ის ადგილია, საიდანაც ქართველთა განმანათლებელმა წმინდა ნინომ დაიწყო მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში. სტუდენტებმა დაათვალიერეს ფარავნის ტბა, რომელიც საქართველოში სარკის ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი ტბაა. მოინახულეს ბერთას სამი მღვდელმთავრის მამათა მონასტერი.
სტუდენტებმა, ასევე, ტურიზმის გეოგრაფიის ლექტორთან ერთად განახორციელეს საფეხმავლო ტური დაშბაშის კანიონზე, რომელიც განსაკუთრებით იზიდავს მოგზაურებს თავისი ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და ფერდობებზე გადმოსული ჩანჩქერებით.