ბრიტანეთისდა და ამერიკის შესწავლის ინსტიტუტმა წლის ანგარიში წარადგინა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბრიტანეთისდა და ამერიკის შესწავლის ინსტიტუტმა წლის ანგარიში წარადგინა


ერთი წელი გავიდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ბრიტანეთისა და ამერიკის შესწავლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსებიდან.

 

4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, ინსტიტუტის დირექტორმა მაია ნადარეიშვილმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა.

 

აღინიშნა, რომ ციფრული გამოცემები და ონლაინ ინსტიტუტები მსოფლიო მასშტაბით ჯერაც სიახლედ ითვლება და ამდენად, აღნიშნული მიმართულების განვითარების მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისთვისაც განუზომლად დიდია.

 

ბრიტანეთისა და ამერიკის შესწავლის სამეცნიერო - კვლევითი ორგანიზაციის უმთავრესი სამიზნე აუდიტორია ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამეცნიერო წრეა, შესაბამისად, წლის განმავლობაში ინსტიტუტის მიერ გაწეული საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩინების შესანიშნავი საშუალებაა.

 

დაარსებიდან დღემდე ინსტიტუტმა:

  • შექმნა ინგლისურენოვანი ოფიციალური ვებგვერდი, რომელიც ცოცხალ რეჟიმში ასახავს ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;
  • დაარსა აკადემიური ჟურნალი „ბრამსი“, რომელსაც უკვე ჰყავს ბრიტანელი და ამერიკელი ავტორები. გერმანელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და ბულგარელი მეცნიერების მიერ კი გამოითქვა ჟურნალთან თანამშრომლობის სურვილი. ტექნიკურ-შინაარსობრივი თვალსაზრისით ის თანამედროვე სამეცნიერო ჟურნალების სტანდარტებს შეესაბამება.
  • მონაწილეობა მიიღო და ორგანიზება გაუკეთა 28 ღონისძიებას. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: სემინარები ბრიტანელი პროფესორის ჯერემი რამსდენის (ბაკინგამის უნივერსიტეტი) ხელმძღვანელობით; საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული სამეცნიერო-სალექციო ღონისძიებები; იუნესკოს ეგიდით ჩატარებული თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის კონფერენცია, კიბერუსაფრთხოების სამეცნიერო ასოციაციის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია და სხვ.

 

ინსტიტუტმა გააშუქა 75 მნიშვნელოვანი ფაქტი. სტუმართა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სამ კატეგორიაში გამოქვეყნებულმა ნაშრომებმა (კონტენტმა):

  1. მსოფლიო დონის მეცნიერთა და სხვადასხვა სფეროს გამორჩეულ მოღვაწეთა შესახებ ნარკვევებმა;
  2. თბილისში გამართული ღონისძიებების გაშუქებამ, რომელთა შესახებაც საერთაშორისო საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია ინგლისურ ენაზე სწორედ ინსტიტუტმა მიაწოდა;
  3. საერთაშორისო მნიშვნელობის თარიღების აღნიშვნა და გლობალური მასშტაბის მოვლენებზე გამოხმაურება; ცალკე აღნიშვნის ღირსია თითოეული ტექსტის ორიგინალურობა, იშვიათი ფაქტების, წყაროებისა და ფოტო-ვიდეო მასალის მოძიება-გავრცელება.

 

საერთაშორისო საზოგადოებისათვის აღნიშნული ინფორმაციების მიწოდება ინსტიტუტის ინგლისურენოვენი ვებგვერდის მეშვეობით ხორციელდება, რომელიც დაარსების 4 თვის თავზე, გამოქვეყნებული მასალების მნიშვნელობისა და უწყვეტი აქტივობის შედეგად, ძიების საერთაშორისო სისტემაში ჩაერთო, რაც, გარკვეულწილად, საერთაშორისო აღიარების ტოლფასია.

 

მოწვეულმა სტუმრებმა და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მაღალი შეფასება მისცეს ინსტიტუტის საქმიანობას, მის ხელმძღვანელს მაია ნადარეიშვილს მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისათვის და შემდგომი წარმატება უსურვეს. ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის ინსტიტუტის დირექტორმა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს სერტიფიკატები გადასცა.