30 მაისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ახალგაზრდობის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის (გ.მომცელიძე) ინიციატივით, გაიმართა სტუდენტური კონფერენცია: “შეთანხმება კასპიის ზღვის სტატუსზე – მიზნები, გამოწვევები და ახალგაზრდობის პერსპექტივები”.
თურქმენეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის ლიდერებმა 20 - წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს შეთანხმებას და ხელი მოაწერეს კონვენციას კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით. დოკუმენტი აწესებს რეგულაციებს დელიმიტაციის, სანავიგაციო ხაზებისა და მეთევზეობის სისტემის მოწესრიგების თაობაზე, მკაცრად განსაზღვრავს მონაწილე ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური ინტერაქციის პრინციპებს და უზრუნველყოფს კასპიის ზღვის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების გარანტიას.
საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით კონფერენციის მიზანი იყო კასპიის ზღვის სტატუსზე მიღწეული შეთანხმების გაცნობა-პოპულარიზაცია და აღნიშნული ინიციატივის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ადგილის განსაზღვრა.
კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს: კასპიის ზღვის ისტორიულ კონტექსტზე, ეკონომიკურ ასპექტებსა და ამ პროცესებში საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები: მურთაზ კვირკვაია, დემურ გიორხელიძე, ხათუნა კაჭარავა, ნინო მაჭავარიანი; სამართლის, ბიზნესისა და მართვის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების მაგისტრანტები და დოქტორანტები.
მოწვეული სტუმრები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან, კავკასიის დიპლომატიის აკადემიიდან, საქართველოს წყლის ეროვნული პარტნიორობის ორგანიზაციიდან, 98-ე და მე-20 საჯარო სკოლებიდან.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოვლეტმურატ მურადოვი.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი;
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოიცემა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ ქართულ და ინგლისურ ენებზე.