სასწავლო-შემეცნებითი ტური კაბადოკიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო-შემეცნებითი ტური კაბადოკიაში


16-20 მაისს ბიზნესის და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი ტური კაბადოკიაში (თურქეთი). სტუდენტებთან ერთად ტური დაგეგმა და განახორციელა ბიზნესის და მართვის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ფირანაშვილმა. ტურში ასევე მონაწილეობდა ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი დავით სარიშვილი.

 

კაბადოკია მდიდარია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით, განსაკუთრებით საინტერესოა ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტები. აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქები, რომლებიც დაარსდა ძვ. წ. I ათასწლეულში. კაპადოკიაში მდებარე გორემეს ეროვნული პარკი და კაპადოკიის კლდეში ნაკვეთი დასახლება შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის სიაში.

 

სასწავლო-შემეცნებითი ტურის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს წმინდა ნინოს მშობლების სახლი და ეკლესია, გორემეს მუზეუმი ღია ცისქვეშ, იხლარას ველი, გურჯი ხათუნის ეკლესია, დაათვალიერეს ქალაქ გორემეს და ურგუპის ღირსშესანიშნაობები. უკან დაბრუნებისას კი ისტორიულ ტაოს ეწვივნენ და ქართული ძეგლები - ოშკი და ხახული მოინახულეს.

 

ტურიზმის პროგრამის სტუდენტები კაბადოკიაში დაესწრნენ ტურისტული კომპანია „იამა ტურის“ (www.yamatours.com) მიერ ორგანიზებულ ტრენინგს, რომლის თემატიკა იყო ტუროპერეიტინგისა და მარშრუტების დაგეგმვის საკითხები, ასევე თურქეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები. სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

საერთაშორისო ტურების დაგეგმვა და განხორციელება სტუდენტებს დაეხმარება პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.