პროექტი „გახდი იურისტი“ წარმატებით დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროექტი „გახდი იურისტი“ წარმატებით დასრულდა


- “ვფიქრობ, რომ პროექტი “ გახდი იურისტი“ იყო ძალიან ორგანიზებული და საინტერესო. ყოველ შაბათს ემოციებით დატვირთული ვბრუნდებოდი სახლში და უფრო გამიმყარდა სურვილი იმისა, რომ გავხდე იურისტი. ეს, რა თქმა უნდა, იმ შესანიშნავი ლექტორების დამსახურებაა, რომლებიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოღვაწეობენ. ვფიქრობ, მათთან ყოველი შეხვედრა ძალიან ეფექტური იყო, ისინი როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად დიდ ცოდნას გვაძლევდნენ და დიდ გამოცდილებას გვიზიარებდნენ”.

 

- “ვფიქრობ ყველა სფერო, ფაკულტეტი ძალიან საინტერესოა, მაგრამ იურიდიული - ჩემი ნელ-ნელა ახდენილი ოცნებაა”.

 

- “ჩემი აზრით, „გახდი იურისტი“ იყო სრულყოფილი და საინტერესო პროექტი”.

 

ასე შეაფასეს მოსწავლეებმა “Teen Academy”-ის პროექტი „ გახდი იურისტი“.

 

მთელი თვის განმავლობში მოსწავლეებთან 12 პროფესორ-მასწავლებელი და 20 სტუდენტი მუშაობდა. სასწავლო-პრაქტიკულ მეცადინეობებზე მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად განიხილავდნენ ეროვნული სამართლის სისტემის ძირითად თავისებურებებს, პრინციპებს, მეთოდებს; კერძო, საჯარო თუ სისხლის სამართლის საფუძვლებს; სამართლის მატერიალურ და პროცესუალურ ნორმებს დარგების მიხედვით; სამართალდარღვევეთა კატეგორიებს და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე განიმტკიცებდნენ თეორიულად მიღებულ ცოდნას.

 

პროექტი ყველა მისი მონაწილისათვის ითვალისწინებდა კრიმინალისტიკის მოკლე სალექციო კურსს, ბლიცინტერვიუს და უნივერსიტეტის პროფესორის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მერაბ ტურავას მასტერკლასს, რომლითაც დასრულდა კიდეც „გახდი იურისტი“.

 

პროექტის მონაწილებს შორის იყვნენ „მედიაციისა“ და „გახდი პოლიტიკოსის“ გამარჯვებული მოსწავლეებიც.

 

უნივერსიტეტის პრორექტორმა, სამართლის სკოლის დეკანმა გულიკო გალდავამ დადებითად შეაფასა პროექტის მუშაობა და მადლობა გადაუხადა მის ყველა მონაწილე მოსწავლეს, სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებელს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

 

„Teen Academy”-ის დახურვის ცერემოანიაზე „გახდი იურისტის“ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი და 5%-იანი სასწავლო გრანტი გადაეცემა.