მარი ოდიშელიძის ბლოგი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მარი ოდიშელიძის ბლოგი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში უფროსკლასელთათვის „საშობაო სკოლა“ მიმდინარეობს, არ შემეძლო ამ ფაქტს არ გამოვხმაურებოდი და არ გამეხსენებინა, რომ თავის დროზე სწორედ „საშობაო სკოლამ“ განსაზღვრა ჩემი არჩევანი, მომავალი და დააკავშირა ის ამ უნივერსიტეტთან.

 

„ალმა მატერში“ პირველად 2015 წელს მოვხვდი, როგორც „საშობაო სკოლის“ მონაწილე. არ ვიცოდი რისი კეთება მინდოდა მომავალში, რომელი პროფესიის დაუფლება მსურდა. სწორედ ამ დროს გავიგე ამ პროექტის შესახებ და დავესწარი სხვადასხვა ლექციას: კომპიუტერული მეცნიერებების, სამართლის, კრიმინალისტიკის მასტერკლასებს. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ, უმაღლესი დონის აპარატურამ და კვლევის მეთოდების მრავალფეროვნებამ. „საშობაო სკოლაში“ გატარებულმა ორმა კვირამ, ინტერიერმა და მეგობრულმა გარემომ, მოახდინა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება, ლექტორების მიდგომამ დამარწმუნა, რომ ეს ის უნივერსიტეტი იყო, სადაც ყველაზე მეტად ვისურვებდი სწავლას.

 

„საშობაო სკოლის“ ფარგლებში ბიზნესის სკოლის ეკონომიკის ლექციამ, რომელიც ბატონმა ვასილ კიკუტაძემ ჩაატარა, მიმახვედრა, რომ სწორედ ამ სფეროსთან უნდა დამეკავშირებინა ჩემი მომავალი. ამავე ლექტორმა ითამაშა უდიდესი როლი ჩემს პიროვნულ განვითარებაში, დამეხმარა სწორი მიმართულების დასახვაში. სწორედ ეს ინდივიდუალური მიდგომა გამოარჩევს „ალმა მატერს“ საუნივერსიტეტო სივრცეში და რომ არა ამგვარი დახმარება, ჩემი საფრანგეთში გამგზავრებაც შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი უნივერსიტეტის სწავლების ევროპულმა მეთოდმა მომცა საშუალება იქ ჩასვლისთანავე ვყოფილიყავი ადაპტირებული ევროპული სწავლების მეთოდთან და მქონოდა ჩემთვის არამშობლიურ ენაზე სწავლების გამოცდილება, რადგან პირველივე კურსიდან „ალმა მატერშიც“ მქონდა შესაძლებლობა ლექციებს ინგლისურად დავსწრებოდი.

 

საფრანგეთში ვისწავლე დამოუკიდებელი ცხოვრება - ამ მულტიკულტურულ გარემოში, ბევრი გავიგე მათ კულტურაზე, მათ კი საქართველოსაზე, რაც გაცვლითი პროგრამების ყველაზე დიდი დადებითი მხარეა. საფრანგეთში სწავლებისას ბევრი ვიმოგზაურე ქვეყნის შიგნით და გარეთაც, მომავალ სემესტრში გერმანიის და ესპანეთის მონახულებას ვგეგმავ.

 

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ეს შანსი გამოვიყენო და ფრანგული ენა ისეთ დონეზე შევისწავლო, რომ მაგისტრატურის გაგრძელება ამ ენაზე შევძლო. ძალიან მხიბლავს ჰოლანდიაც. ასე რომ, ჩემი სამომავლო გეგმები მაინც ევროპული სწავლებისკენ არის მიმართული და იმედი მაქვს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მიზნობრივად გამოვიყენებ.

 

 

საკონტაქტო პირი: მარი ოდიშელიძე