ერთობა ინოვაციური განათლებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ერთობა ინოვაციური განათლებისათვის


6 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა პარტნიორობის ფარგლებში უმასპინძლა პროექტის - „ერთობა ინოვაციური განათლებისთვის“, სამუშაო ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი და ასისტენტი მარინე კორძაძე და „განათლების მეცნიერებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის“ დირექტორი ნატო გოგატიშვილი.

 

ღონისძიების ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს აღნიშნული პროექტის მიზნები და სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი საგრანტო პროექტის მიზანია ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირთა შორის სამუშაო შეხვედრების გამართვა, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, სიახლეების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, ადგილობრივი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა, ორგანიზაციათა ერთიანი ბაზის შექმნა და სამომავლოდ- ღონისძიებების დაგეგმვისა და პროექტების განხორციელების მიზნით - ერთობის ჩამოყალიბება.

 

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დირექტორმა - ნატო გოგატიშვილმა, ღონისძიების მონაწილე ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს გააცნო ინფორმაცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია), უნიკალური და ინოვაციური სწავლების, ვირტუალური ლაბორატორიების შესახებ და ისაუბრა იმ განხორციელებულ პროექტებსა და წარმატებებზე, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის დამფუძნებლის - დავით სონღულაშვილის და მისი გუნდის დამსახურებაა.

 

ღონისძიების ფარგლებში სამუშაო შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, აღნიშნული პროექტის საზეიმო დახურვა 27 ოქტომბერს ტექნოპარკში გაიმართება, სადაც ოფიციალურად გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში განათლების მიმართულებით დაინტერესებულ პირთა შორის, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წარმომადგენელი ნინო გულუა, საქართველოში ინოვაციური განათლების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სკოლებისა წარმომადგენლები და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები.

 

აღნიშნულ პროექტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გარდა პარტნიორობას უწევდა: „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ და ა(ა)იპ „განათლების ხარისხის და მომსახურების ალტერნატიული ცენტრი“.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია m.lomia@gruni.edu.ge