2 აგვისტოს დასრულდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კიდევ ერთი ერთობლივი პროექტი - საზაფხულო სკოლა, სამართლის მიმართულების სტუდენტებისათვის.
საზაფხულო სკოლის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში ისმენდნენ ლექციებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისა და სამართალწარმოების პროცედურების თაობაზე, ნარკოტიკული დანაშაულების კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტების შესახებ საქართველოში, ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტების, ნარკოდამოკიდებულებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხების, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკისა და ევროკავშირის საკონსტიტუციო სამართალის შესახებ. საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესები.
საზაფხულო სკოლის პროგრამის ფარგლებში ლექციები წაიკითხეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა; ასევე, მოწვეულმა პროფესორებმა: იან კომარეკმა - კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის პროფესორმა; რობერტ შაპირომ - ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა; რიჩარდ ვოგლერმა - სასექსის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორმა; ჰანს კრომბაგმა - სასექსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და კრიმინოლოგიის კვლევის ცენტრის პროფესორმა; ენდრიუ კოპელმენმა -ნორზვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა; ეკჰარდ პახემ - ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა.
საკონსტიტუციო სასამართლო 2008 წლიდან ყოველწლიურად ახორციელებს საზაფხულო სკოლის პროგრამას სტუდენტებისათვის, რომლის მიზანია კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება. წელს ეს პროგრამა განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის, კონკურსის შედეგად, შეირჩა იურიდიული ფაკულტეტის 27 საუკეთესო სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტებიდან.
აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები წლების განმავლობაში იკავებენ წამყვან პოზიციებს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სტრუქტურაში, რაც პროექტის წარმატების მაჩვენებელია.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge