საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის პირველი სპეციალური გამოშვება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის პირველი სპეციალური გამოშვება


28 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განახლებული საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის - „საქართველოს საკონსტიტუციო ჟურნალის“, პრეზენტაცია გაიმართა.

 

ჟურნალი გამოიცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში და განკუთვნილია სამართლის სფეროში მოღვაწე მეცნიერების, ექსპერტებისა და სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად. 

 

ჟურნალი Ulrichsweb-ის საერთაშორისო რეფერირებადი პერიოდული გამოცემების სიაშია განთავსებული, წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები, ასევე, ქვეყნდება „Heinonline“-ის სამართლებრივი სტატიების საერთაშორისო საძიებო სისტემაში.

 

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 2018 წლის პირველი სპეციალური გამოშვება.

 

„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“ მოიცავს სხვადასხვა ტიპის სტატიას კონსტიტუციური სამართლის შესახებ და მიზნად ისახავს ამ სფეროში აქტიური აკადემიური დისკუსიის წარმართვის ხელშეწყობას.

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: მეცნიერები, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პრეზენტაცია გახსნეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ.

 

მოწვეულმა სტუმრებმა: მერაბ ტურავამ, მანანა კობახიძემ, ბესიკ ლოლაძემ, ვახუშტი მენაბდემ, ანა ფირცხალაშვილმა და სხვებმა ისაუბრეს მეცნიერების განვითარებისა და ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობის საქმეში აკადემიური სფეროსა და სასამართლო სისტემის თანამშრომლობის მნიშვნელოვნების შესახებ და წარმატება უსურვეს ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობა გრძელდება ერთობლივი პროექტით - საზაფხულო სკოლა, რომელიც ბათუმში, მიმდინარე წლის 22 ივლისს გაიხსნა.