ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მარიამ ჩხიტუნიძესა და ნინო მამაგულაშვილთან.
მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 14 აპრილს დაგეგმილი კონფერენციის თემატიკა, მონაწილეობის პირობები და სხვა საორგანიზაციო ხასიათის საკითხები. აღინიშნა, რომ კონფერენციის - “ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“, მუშაობაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებს. კონფერენციაზე მათ მიერ წარმოდგენილი ნაშრომი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში დასახული მიზნების შესრულებას.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაააქტიურებას და ტურიზმის განვითარების საკითხებში სტუდენტების მონაწილეობას. კონფერენცია სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები, ტურიზმის ადმინისტრაციას შესთავაზონ ახალი იდეები და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ტურიზმის სტრატეგიის განხორციელების საქმეში. კონფერენციის შედეგად შეიქმნება წარმატებული სტუდენტების მონაცემთა ბაზა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციაში მათი შემდგომი სტაჟირების ან მომავალი დასაქმების თვალსაზრისით. გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge