პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრს გელა ბანძელაძის სახელი მიენიჭა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრს გელა ბანძელაძის სახელი მიენიჭა


24 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრს მეცნიერისა და მკვლევრის გელა ბანძელაძის სახელი მიენიჭა.

 

საზეიმო ცერემონიაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ ვრცლად ისაუბრა ახალგაზრდების ზნეობრივი აღზრდისა და ამ სფეროს კვლევის საქმეში მეცნიერის დამსახურების შესახებ.

 

ამასთან ერთად, საზეიმო ცერემონიაზე უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა და ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ წარმოადგინა თავისი წიგნი „პროფესიული ეთიკის საფუძვლები“.

 

მოწვეული სტუმრების მიერ ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ პროფესიული ეთიკისა და ქცევის წესების დანერგვა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება ჩვენი საქმიანობის ყველა სფეროში სულ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური ხდება. ასევე აქტუალურია სახელმძღვანელო წიგნის - „პროფესიული ეთიკის საფუძვლები“, გამოცემა, როგორც საჯარო, ისე სამართლადამცავ სტრუქტურებში დასაქმებული მოხელეებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისათვის.

 

პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით თვეების წინ დაარსდა უნივერსიტეტში. ცენტრმა უკვე ჩაატარა რამდენიმე სწავლება საჯარო და სამართლადამცავ სტრუქტურებში დასაქმებული მოხელეებისათვის.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, საქართველოს პარლამენტისა და გელა ბანძელაძის ოჯახის წევრები.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია 599776771