საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი “კენტავრი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი “კენტავრი“


25, 26, 27 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სატელევიზიო -პუბლიცისტური გადაცემებისა და სატელევიზიო - დოკუმენტური ფილმების IX საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი “კენტავრი“ გაიმართა.

 

ფესტივალი ყოველწლიურად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სატელევიზიო-შემოქმედებითი სახელოსნოს (ხელმძღვანელი თ. ფაფერაშვილი) ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება. წელს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს კავკასიისა და თეატრალური უნივერსიტეტების, აგრეთვე, პოლონეთის, ლატვიის, უკრაინის, ბელორუსიის, აზერბაიჯანის, კუბის უნივერსიტეტების ახალგაზრდებმაც.

 

სულ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 18 სატელევიზიო და დოკუმენტური ფილმი.

 

27 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფილმების ჩვენება და დაჯილდოება.

 

ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები:

  • ეკატერინე ანდღულაძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის შემოქმედებითი სახელოსნოს სტუდენტი, საუკეთესო საავტორო პროექტისათვის „ჭაპანი ზღვისა“
  • კარლოს ივან მარტინეზ რიოსი - კუბის კინოსა და ტელევიზიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის „მარტოსული ვარსკვლავი“;
  • იულია კოჩეტოვა - უკრაინის მოჰილას ჟურნალისტიკის სკოლის სტუდენტი, ნამუშევრისთვის “მომავალ შეხვედრამდე" (თემის აქტუალობისათვის);

 

საქართველოს ოპერატორთა გილდიის პრეზიდენტმა ბესარიონ ორმოცაძემ სპეციალური პრიზი გადასცა მარიამ მოსეშვილს - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის. დიპლომები და პრიზები გადაეცათ სხვა გამარჯვებულებსაც.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ რეჟისორები, ჟურნალისტები, დოკუმენტალისტები, საზოგადო მოღვაწეები და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

 

თეიმურაზ ფაფერაშვილის შემოქმედებითმა სახელოსნომ დღემდე არაერთი ცნობილი ჟურნალისტი აღზარდა.

 

ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო ალკოჰოლური სასმელების კომპანია “ასკანელი ძმები“.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია 599 776 771