პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის გახსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის გახსნა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრი გაიხსნა. პროექტი განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით.

 

უნივერსიტეტის 112-ე აუდიტორიაში გაიმართა აღნიშნული ცენტრისა და კრებულის - „პროფესიული ეთიკის განვითარება“, საჯარო წარდგენა. პრეზენტაცია გახსნა და სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მეცნიერთა და სტუდენტთა ჯგუფს პროექტის განხორციელებისა და ხელშეწყობისათვის.

 

ცენტრის ამოცანების, მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ ისაუბრა პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ. მანვე წარადგინა კრებული „პროფესიული ეთიკის განვითარება“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან თანამშრომლობით მომზადდა. მოწვეული სტუმრები გაეცნენ სასწავლო კურსის პროგრამას: „პროფესიული ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“.

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი - გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ტექნიკური, სოხუმის სახელმწიფო, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტების, საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, აგრეთვე, პროექტის კოორდინატორები და კრებულის რედაქტორები.

 

მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს პროფესიული განვითარების ცენტრის დაფუძნებისა და დღევანდელ პირობებში პროფესიული ეთიკის განვითარების აუცილებლობის შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროინტეგრაციის პირობებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საჯარო, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების საქმიანობაში საერთაშორისო სტანდატების შესაბამისი ეთიკური და ქცევის წესების დანერგვა. პროფესიული ეთიკის უნარ-ჩვევების გამომუშავება ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის, რაშიც მათ ახლად დაარსებული ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელო დაეხმარება.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია 599776771