გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჯიმ კორბეტის კვლევის საერთაშორისო ცენტრი შეიქმნა 2021 წელს. ცენტრის მიზანია ინგლისური წარმოშობის მწერლის, ბუნებისმეტყველის, ეკოლოგიური მოძრაობის ერთ-ერთი პიონერის, მტაცებელი ცხოველების (და განსაკუთრებით ვეფხვის) ბიოლოგიისა და ქცევის ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიო ავტორიტეტის, ჯეიმს (ჯიმ) კორბეტის (1875-1955) მრავალმხრივი მემკვდრეობის შესწავლა და პოპულარიზაცია, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და ამ თემატიკით დაინტერესებულ სხვა ქართველ და უცხოელ მკვლევართა სამეცნიერო პოტენციალის რეალიზება, სტუდენტებში მრავალმხრივი ინტერესებისა თუ კვლევითი უნარ-ჩვევების ფორმირება და განვითარება. არაა შემთხვევითი, რომ აზიის უძველესი ნაკრძალი, ისევე, როგორც ვეფხვის ერთ-ერთი ქვესახეობა, სწორედ ჯიმ კორბეტის სახელს ატარებენ. კორბეტის მაგალითი გარემოსა დაცვისა და ნაკრძალების შექმნის საქმეში ნამდვილად მისაბაძია საქართველოსათვის, გენიალური “ვეფხიზტყაოსნის” სამშობლოსათვის, მითუმეტეს, რომ საქართველო ბუნებრივად შედიოდა ვეფხვის გავრცელების ისტორიულ არეალში.
ცენტრს დასახული აქვს შემდეგი მიზნები და ამოცანები: კვლევითი საველე ექსპედიციების ჩატარება ინდოეთში, ინგლისში, კენიაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ჯიმ კორბეტის მრავალმხრივი მემკვიდრებოის შესასწავლად, კვლევის შედეგების გამოქვეყნება აკადემიური წიგნების და კრებულების სახით, ასევე თანამედროვე მედიის სხვადასხვა ფორმატებით; ადამიანისა და მტაცებელი ცხოველების ურთიერთობის დინამიკის შესწავლა, ჯიმ კორბეტის კლასიკური მოთხრობების აკადემიური გამოცემების მომზადება ინგლისურ და ქართულ ენებზე, სამეცნიერო კომენტარების დართვით; ახალგაზრდების, სტუდენტების ჩაბმა ცენტრის საქმიანობაში, მათი დაინტერესება და მათი სამეცნიერო და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენება, კონტაქტების დამყარება სხვადასხვა ქვეყნების (მაგალითად, ინგლისის, ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობისა და ინდოეთის სახელმწიფო) არქივებთან და კვლევით ცენტრებთან, ჯიმ კორბეტთან დაკავშირებული მდიდარი არქივის შექმნა ცენტრში; ჯიმ კორბეტთან დაკავშირებული რეგულარული თემატური სამეცნიერო კონფერენციების, სტუდენტური კონკურსების და ლექციების ორგანიზაცია.
ცენტრის შექმნას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში წინ უძღოდა ცენტრის წევრების მიერ ამ სფეროში ჩატარებული ათწლიანი მოღვაწეობა (2011-2021), რომლის განმავლობაში ჩატარდა რამდენიმე ექსპედიცია ინდოეთში (2011, 2012, 2014, 2016, 2018 წლებში), და კენიაში (2019), ჯიმ კორბეტის კვლევის საერთაშორისო ჯგუფის და ფბ ჯგუფის შექმნა (2018), ჯიმ კორბეტის კვლევის ასოციაციის დაარსება ავსტრალიაში (2020), და კვლევითი წიგნების ორი ტომის გამოცემა (2016, 2020).
ცენტრს აქვს საკუთარი ლოგო და დევიზი. ცენტრის ლოგოს წარმოდგენს ოვალურ წრეში მოთავსბული კორბეტის გამოსახულება. ცენტრის დევიზია: პროპიუს ად ნატურამ ("მივუახლოვდეთ ბუნებას")
ცენტრის მმართველ ორგანოს წარმოადგენს ცენტრის დირექტორატი, რომელიც სამი წევრისაგან შედგება (დირექტორი, დირექტორის მოადგილე, და წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი). ცენტრის მთავარი მრჩეველი ორგანო არის ცენტრის სამეცნიერო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერებით და კორბეტის ექსპერტებით.
ცენტრის დირექტორია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი და ევოლუციური მუსიკოლოგი იოსებ ჟორდანია.