გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრების (თანამშრომლების) ეთიკის კოდექსი
I.პრეამბულა
- წინამდებარე კოდექსი შეიქმნა უნივერსიტეტის მისიით განსაზღვრული მიზნებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, საუნივერსიტეტო საზოგადოების უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისა და საყოველთაოდ აღიარებული ეთიკურ-კოლეგიალური და პედაგოგიური ნორმების დამკვიდრებისათვის. კოდექსი შემუშავდა საზოგადოებრივი შეთანხმების საფუძველზე და განსაზღვრავს ეთიკური ქცევის ძირითად პრინციპებს, რომლითაც ხელმძღვანელობენ სრულიად საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრები (თანამშრომლები).
II.ტერმინები და განმარტებები
- საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრები (თანამშრომლები) – უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული/დამხმარე სასწავლო პერსონალი, რომელიც ემსახურება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი მიზნების რეალიზებას და განახორციელებს სამსახურეობრივ ფუნქციას ამ მიზნების უზრუნველსაყოფად;
- აკადემიური საზოგადოება – უნივერსიტეტის აკადემიური/აფილირებული მათ შორის, მოწვეული პერსონალი, რომელიც განახორციელებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;
III.კოდექსის მიზანი
- კოდექსის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში ჯანსაღი აკადემიური სივრცის შენარჩუნებას და უფრო მაღალი ეთიკური სტანდარტის დანერგვას, ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც თითოეული თანამშრომელი – აკადემიური/მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი თავს ღირსეულად იგრძნობს, მიიღებს დადებით ემოციას სტუდენტებთან და კოლეგებთან ურთიერთობით, ექნება კმაყოფილების მაღალი განცდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მონაწილეობითა და მიღებული შედეგებით.
IV.ეთიკის ძირითადი პრინციპები და კოლეგიალური ურთიერთობა
საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრები (თანამშრომლები):
- პატივს სცემენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტრადიციებს, ისტორიას, სიმბოლიკას, ზრუნავენ უნივერსიტეტის რეპუტაციის შემდგომი ამაღლებისათვის, მოუთმენელნი არიან საუნივერსიტეტო მარეგულირებელი წესების ნებისმიერი დარღვევისადმი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უნივერსიტეტის დინამიური განვითარების შეფერხება ან პრესტიჟის შელახვა;
- ყოველმხრივ უფრთხილდებიან და იცავენ უნივერსიტეტის იმიჯს ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ან აუცილებლობაა;
- ერთმანეთთან და უნივერსიტეტის სხვა სუბიექტებთან ურთიერთობენ კეთილგანწყობისა და ურთიერთპატივისცემის ნიშნით, მიუხედავად სქესის, ეროვნების, რასის, ასაკის, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა თუ სამსახურებრივი სტატუსისა;
- იყენებენ მხოლოდ თავაზიან ლექსიკას, როგორც პირადი ურთიერთობის, ისე საჯარო და ინტერნეტ კომუნიკაციის დროს;
- გამოხატავენ რა პატივისცემას კოლეგებისა და სტუდენტების მიმართ, იცავენ ჩაცმის შესაფერის სტილს, გამორიცხავენ შენობაში სიგარეტის მოწევას, არაფხიზელ მდგომარეობაში ან/და იარაღით
- უნივერსიტეტში მოსვლას (გარდა სპეცსამსახურის თანამშრომლებისა), ხოლო მეცადინეობისა თუ სხვა საჯარო ღონისძიების მსვლელობისას არ იყენებენ მობილურ ტელეფონებს;
- ყოველდღე ეცნობიან ელ. ფოსტას და წერილის მიღებიდან, არა უგვიანეს ორი დღისა, კორექტულობის ფარგლებში, პასუხობენ ყველა წერილს/შეტყობინებას;
- ელ. ფოსტის მეშვეობით, უნივერსიტეტის სხვადასხვა ორგანოს სხდომაზე განსახილველ მასალას, ერთმანეთს უგზავნიან სხდომამდე, არა უგვიანეს, ხუთი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში - ერთი დღისა.
- ლექცია-სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი აქტივობისათვის ემზადებიან გულდასმით - დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოდიან უნივერსიტეტში, ისე, როგორც სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. განსაკუთრებული პრობლემის არსებობის შემთხვევაში, რაც ხელს უშლის ამ პუნქტით გათვალისწინებული ნორმის შესრულებას, დროულად ატყობინებენ შესაბამის სამსახურებს/პირებს;
- სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელმძღვანელობენ სამუშაოს აღწერილობით დადგენილი მოთხოვნებით და, ამავე დროს, შემოქმედებითად ავითარებენ დაკისრებული ფუნქციას, დადგენილ დროს ცხადდებიან სამსახურში, ხოლო ამ დროის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში მიმართავენ უშუალო ხელმძღვანელს;
- აცნობიერებენ რა გუნდური მუშაობის პრინციპებს, აქტიურად მონაწილეობენ საუნივერსიტეტო აქტივობების განხორციელებაში სხვადასხვა, ზოგჯერ, უჩვეულო ფუნქციით;
- უფრთხილდებიან უნივერსიტეტის ქონებას, ლაბორატორიულ აღჭურვილობას, ტექნიკას და მოუწოდებენ ასეთივე დამოკიდებულებისკენ სხვა სუბიექტებსაც.
- უშუალო ხელმძღვანელს, თუ სამუშაო ფუნქციის შეჩერებით არ ზიანდება აკადემიური/სამეცნიერო-კვლევითი პროცესი, უფლება აქვს ნება დართოს თანამშრომელს გამოიყენოს სამუშაო დრო პირადი მიზნებისთვის, ამავდროულად, იგი აცნობიერებს, რომ შეჩერებული სამუშაოს კომპენსირებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს პირადი დროის გამოყენება;
- იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი მოთხოვნები ან სამუშაო ფუნქციებს მიღმა დროებითი საქმიანობა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას შრომითი ხელშეკრულების მოქმედების რომელიმე ეტაპზე მიუღებელია თანამშრომლისთვის – იღებს გადაწყვეტილებას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის, ან პირობების შეცვლისათვის საკითხის დასმის შესახებ ადმინისტრაციის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაცია თავად შეიძლება გახდეს შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის/კორექტირების ინიციატორი;
V.აკადემიური საზოგადოების წევრები და სტუდენტები
აკადემიური საზოგადოების წევრები:
- მიისწრაფვიან შექმნან სწავლა-სწავლებისა და ობიექტური შეფასების თანაბარი პირობები ყველა სტუდენტისთვის მიუხედავად მათი ეროვნული, რასობრივი, რელიგიური თუ გენდერული კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულებებისა. ამისათვის, ხელმძღვანელობენ იმ მარეგულირებელი ნორმებით, რომელიც განაპირობებს სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვას და სტუდენტთა ცოდნის ობიექტურად შეფასებას;
- შეფასების დროს სრულად გამორიცხავენ სუბიექტივიზმს, ეფუძნებიან საკუთარ კეთილსინდისიერებას, დადგენილ კრიტერიუმებს და განმარტავენ კონკრეტული შეფასების საფუძვლებს;
- მაქსიმალურად ცდილობენ გამოავლინონ სტუდენტის შესაძლებლობები და მისცენ სწორი სასწავლო- კვლევითი მიმართულება;
- გამოყოფენ დროს კონსულტაციისა და სტუდენტთან ინდივიდუალური მუშაობისათვის, ხელს უწყობენ მისი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას;
- პატივს სცემენ სტუდენტის აზრს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს, როგორც საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ისე საგანმანათლებლო-სამეცნიერო ან განყენებულ საკითხებს, საჭიროების შემთხვევაში, წარმართავენ მასთან დისკუსიას, უჩვენებენ მაღალი აკადემიური ეთიკის მაგალითს;
- საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრები (თანამშრომლები), პატივს სცემენ რა სტუდენტის პიროვნებას, შენიშვნის, მითითების მიცემის დროს, სრულად იცავენ კორექტულობას ან/და იყენებენ პედაგოგიურ ხერხებს - სტუდენტის მხრიდან აგრესიის დროსაც კი არ არღვევენ ეთიკის ნორმებს.
- სტუდენტის ან მისი მშობლის/წარმომადგენლის მიერ არაკორექტული ქცევის პირობებში, თუ შეუძლებელი ხდება კონფლიქტის თავიდან აცილება, მიმართავენ ადმინისტრაციას, საჭიროების შემთხვევაში დაცვის თანამშრომლებს;
VI.აკადემიური/კვლევითი ეთიკა
აკადემიური საზოგადოების წევრები (თანამშრომლები):
- საკუთარი მეცნიერული კვლევის შედეგებს აცნობენ კოლეგებს მრგვალი მაგიდისა თუ სხვა, ავტორისთვის მისაღები, ფორმატით;
- გამოხატავენ მადლიერებას იმ პერსონების, მათ შორის, სტუდენტების მიმართ, რომლებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს კვლევის პროცესში. მადლიერება შეიძლება გამოვლინდეს ნაშრომში მადლობის სიტყვებით ან თანაავტორის სტატუსის მინიჭებით;
- პატივისცემით ეკიდებიან სხვა ავტორთა კვლევის შედეგებს, აზრებს/იდეებს/აღმოჩენებს და, ამ შედეგების საკუთარი კვლევისთვის გამოყენების შემთხვევაში, მიუთითებენ შესაბამის წყაროს, მათ შორის, საკუთარს. ანალოგიურ მიდგომას ამკვიდრებენ თავის კოლეგებს/სტუდენტებს შორის;
- საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს შორის ქმნიან უარყოფით დამოკიდებულებას/განწყობას პლაგიატის, როგორც მოვლენის მიმართ, ცდილობენ არ დაუშვან/აღკვეთონ პლაგიატის ნებისმიერი ფორმით გამოვლენა და ყოველმხრივ შეუწყონ ხელ მის პრევენციას;
- ზედმიწევნით იცავენ კვლევის ეთიკას – უზრუნველყოფენ ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან მიღებული ინფორმაციის სრულ დაცულობას, კონფედენციალური ინფორმაციის შემთხვევაში რესპონდენტისგან იღებენ წერილობით თანხმობას გადაცემული მონაცემების/ინფორმაციის დამუშავების და შემდგომი გამოყენების თაობაზე;
VII.კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა და რეაგირება
- კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა განიხილება, როგორც საუნივერსიტეტო საზოგადოებრივი შეთანხმების უგულებელყოფა და უპატივცემლობა უნივერსიტეტის სუბიექტების მიმართ, რისთვისაც გამოიყენება რეაგირების, როგორც კოლეგიალური, ისე ადმინისტრაციული ფორმები;
- იმ შემთხვევაში თუ კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა იწვევს უნივერსიტეტის აკადემიური/სამეცნიერო პროცესის შეფერხებას/ხარისხის გაუარესებას ან ცალკეული პირის/პირების ფიზიკურ დაზიანებას, შესაძლებელია ადმინისტრაციული ზომების გამოყენება, რომელიც გათვალისწინებულია უნივერსიტეტის შრომის შინაგანაწესით;
- იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა იწვევს ცალკეული პერსონალის ფსიქო-ემოციურ/მორალურ დისკომფორტს, საკითხს განიხილავს აკადემიური კომიტეტი, რომლის გადაწყვეტილება გულისხმობს ფაქტის შეფასებას და ეთიკური ბალანსის აღდგენისათვის მოწოდებას, მათ შორის, მითითებას, რეკომენდაციის მიცემას და მისთ., ხოლო კომპრომისის შეუძლებლობის შემთხვევაში, კომიტეტის გადაწყვეტილება შეიძლება საფუძველი გახდეს კონკრეტული პირის/პირების მიმართ ადმინისტრაციული ზომების გატარებისათვის;
- აკადემიური კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება განიხილება, როგორც კონკრეტული პირის გაფრთხილება, რის შემდეგაც, კოდექსის ნორმების ხელმეორედ დარღვევისათვის შეიძლება გატარდეს ადმინისტრაციული ზომები შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ჩათვლით;
- აკადემიური კომიტეტის სხდომაზე ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევის ფაქტის განხილვისათვის აუცილებელი არ არის რომელიმე მხარის მიერ საჩივრის შეტანა – საკმარისია მომხდარი ფაქტის კონსტატაცია, რომელსაც კომიტეტი განიხილავს მხარეთა თანდასწრებით;
- იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი მხარე არ გამოცხადდება სხდომაზე, კომიტეტი განიხილავს ეთიკის დარღვევის ფაქტს და საკითხს რეაგირებისათვის გადასცემს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
VIII.დასკვნითი დებულებები
- საუნივერსიტეტო საზოგადოების ყველა წევრი თანამშრომელი ხელს აწერს დეკლარაციას, რომლითაც აღიარებს წინამდებარე კოდექსით გათვალისწინებულ პრინციპებსა და ქცევის სტანდარტებს;
- საუნივერსიტეტო საზოგადოების ყოველი ახალი წევრი თანამშრომელი, ხელშეკრულების გაფორმებამდე ეცნობა წინამდებარე კოდექსს და, თანხმობის შემთხვევაში, ხელს აწერს შესაბამის დეკლარაციას;
- დეკლარაციაზე ხელმოუწერლობა განიხილება, როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრობაზე უარის თქმა, შესაბამისად, თანამშრომლობის კანდიდატთან არ ფორმდება შრომის ხელშეკრულება, ხოლო მოქმედ თანამშრომელთან განიხილება შრომის ხელშეკრულების გაგრძელების შესაძლებლობის საკითხი;
- ამ მუხლის 1-ლი, მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლის დეკანებს და უნივერსიტეტის ადამიანური რესურსის სამსახურს;
- ეს კოდექსი ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI