„დავიცვათ და განვავითაროთ საკაცობრიო ცოდნა, შევქმნათ ახალი და გავაზიაროთ...“ - პრიორიტეტები, რომლებიც განსაზღვრავს გრუნის საგანმანათლებლო საქმიანობას

„დავიცვათ და განვავითაროთ საკაცობრიო ცოდნა, შევქმნათ ახალი და გავაზიაროთ...“ - პრიორიტეტები, რომლებიც განსაზღვრავს გრუნის საგანმანათლებლო საქმიანობას


„დავიცვათ და განვავითაროთ საკაცობრიო ცოდნა, შევქმნათ ახალი და გავაზიაროთ...“ - პრიორიტეტები, რომლებიც განსაზღვრავს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობას.

 

სამართლის მაგისტრანტის თორნიკე მერებაშვილის წარმატების ისტორია ამის შესანიშნავი დადასტურებაა.

 

სულ ახლახან მან დაასრულა თავისი ნაშრომი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია“ და წარუდგინა პროფესორ-მასწავლებელებსა და მეგობრებს.

 

ნაშრომის პრეზენტაცია დისტანციურად გაიმართა და მას სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, რექტორის მოადგილე და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი გულიკო გალდავა, პროფესორები ნინო ჭიპაშვილი და მერი ლომია.

 

თორნიკე მერებაშვილმა მადლობა გადაუხადა პროფესორ დავით ძამუკაშვილს ნაშრომის მომზადებაში დახმარებისათვის და ნაშრომის თანაავტორს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრანტს გიორგი მინასიანს თანამშრომლობისათვის. აღინიშნა, რომ ნაშრომი მომზადებულია იმ პირებისათვის, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხების სამართლებრივი, თეორიული და პრაქტიკული ასპექტებით. მისი მომზადება კი განაპირობა ამ სფეროში შეტანილმა არსებითმა ცვლილებებმა და მათ მიმართ საზოგადოების მაღალმა ინტერესმა. პრაქტიკაში არსებული მაგალითების ანალიზით, ნაშრომი დაეხმარება საზოგადოებას, განსაკუთრებით რეგისტრაციის პროცესში მყოფ სუბიექტებს, უძრავ ნივთებზე მათი მოქალაქეობრივი უფლება - მოვალეობების განსაზღვრაში.

 

ნაშრომში განხილულია: საკუთრების უზოგადესი თეორიული მნიშვნელობა, სანივთო სამართლისა და ინტელექტუალურ უფლებათა სამართლის შედარებითი ანალიზი, სამეზობლო ურთიერთობები, მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაცია, რომელიც ახალი რეფორმაა და ემსახურება სწორედ იმ პრობლემების მოგვარებასა და ალტერნატიული გზების მოძიებას, როდესაც პირს უფლების დამდგენი დოკუმენტი არ აძლევს საშუალებას მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთის რეგისტრაციისთვის. ნაშრომში ცალკე თავი დაეთმო ტექნოლოგიების როლს სანივთო სამართალში.

 

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ შეაქო თორნიკეს მცდელობა, მადლობა გადაუხადა მას საინტერესო და პრაქტიკული ნაშრომისათვის და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მთავარი დანიშნულებაც ის არის, რომ აღზარდოს ასეთი მოაზროვნე და პრაქტიკოსი ახალგაზრდები, რომლებიც აუცილებლად იტყვიან თავიანთ სიტყვას საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მან შესთავაზა ნაშრომის ავტორებს, გაუზიარონ ეს მოსაზრებები მოსახლეობას. რექტორმა აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ თორნიკე გააგრძელებს კვლევით საქმიანობას და აღუთქვა, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მას ამ მიზნის განხორციელებაში.

 

შეხვედრის მონაწილე პროფესორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს განხილული საკითხის აქტუალობა და მისი უაღრესად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა, მადლობა გადაუხადეს თორნიკე მერებაშვილსა და გიორგი მინასიანს ამ საკითხებით დაინტერესების გამო და წარმატება უსურვეს მათ.