გრუნის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!

გრუნის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!

გრუნის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!

 

პანდემიით გამოწვეულ არაორდინარულ ვითარებასთან დაკავშირებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, ცალკეული სკოლისა და სტუდენტური კურსის ფარგლებში, საგაზაფხულო სემესტრის დაწყების ფორმასთან დაკავშირებით, მოისმინა სტუდენტთა მოსაზრებები და შეაჯერა ისინი საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს 2021 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებასთან, რომელიც უნივერსიტეტებს უტოვებს უფლებას თავად განსაზღვრონ სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ფორმა. ამდენად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და სტუდენტთა აზრის გათვალისწინებით მიღებულ იქნა შემდეგი ოპტიმალური გადაწყვეტილება:

 

  • 2020-2021 სასწ. წლის საგაზაფხულო სემესტრი დაიწყოს 15 მარტს სწავლების შერეული (ჰიბრიდული), ფორმით, რაც გულისხმობს პრაქტიკული და კლინიკური მეცადინეობების ჩატარებას რეალურ სივრცეში, ხოლო თეორიული სწავლების განხორციელებას ონლაინ ფორმატით.

 

  • სტუდენტებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სასწავლო-პრაქტიკული და კლინიკური აქტივობების განხორციელებას საკონტაქტო ფორმით, დეკანატი უზრუნველყოფს საკითხის გადაწყვეტას ინდივიდუალურად, მათ შორის, აღნიშნული კომპონენტების გადატანის ჩათვლით (აუცილებელია, რომ სტუდენტებმა დეკანატს მიმართონ განცხადებით).

 

  • მიმდინარე პერიოდში, კამპუსის კომენდანტები უზრუნველყოფენ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას. მათ შორის, სასწავლო სივრცის დეზინფიცირებას სასწავლო-პრაქტიკულ და კლინიკურ აქტივობებში ჩართული ყოველი ახალი სტუდენტური ნაკადისათვის.

 

  • გთხოვთ გაითვალისწინოთ - სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ევალებათ, მეცადინეობაზე გამოცხადნენ პირბადით. მოგიწოდებთ, დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები, რომელიც განთავსებულია სასწავლო სივრცეში. პასუხისმგებლობა აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრება სასწავლო კურსის წამყვან ლექტორს.

 

შეგახსენებთ, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია განაგრძობს მუშაობას ჩვეული ფორმით, რაც აუცილებელია მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო და ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად - უნივერსიტეტის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

 

ამასთან ერთად, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მოგმართავთ თხოვნით, სასწავლო პროცესის ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოთ დეკანატს ან ადმინისტრაციის შესაბამის წარმომადგენელს, რათა მოხდეს დროული რეაგირება.

 

აღნიშნული განაწესი შესაძლებელია შეიცვალოს ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და სახელმწიფო რეგულაციების ცვლილების შესაბამისად.

 

გრუნი გისურვებთ ჯანმრთელობას!