გრიგოლ რობაქიძე

გრიგოლ რობაქიძე

დღეს გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა. ვიხსენებთ საქართველოსთვის გულანთებულ მამულიშვილს, მწერალს, ფილოსოფოსს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს, რომლისთვისაც სამშობლო ეგზომ მშვენიერი და ტკბილი, ქართული ენა კი ეგზომ საოცარი და საცნაური რამ იყო, რომელთა ბადალიც მისთვის დედამიწის ზურგზე სხვა არა მოიპოვებოდა რა; ადამიანს, რომლის მთელი ცხოვრება სამშობლოსთვის ფიქრსა და დარდში გაილია და ბედუკუღმართობით საუკუნო განსასვენებელი სხვა ქვეყანაში ჰპოვა…

 

“თუ რამ კარგი ნაყოფი გამოდის ჩემგან, ეს მადლი არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მიწისა. საქართველოს არ იცნობენ არც იქ და არც აქ. იგი უნივერსალური მოვლენაა ... ეს ცხადდება: ქართულ ხასიათში, ქართულ სიტყვაში, ქართულ სილაღეში, ქართულ ერქვანში, ქართულ ხმალში, ქართულ სიმღერაში (რომელიც ღმერთებისაა)“ - გრ.რობაქიძე, 1933 წელი.

 

“მარტო ვარ. სევდა. ჩემი განკურნება შესაძლებელია მხოლოდ თანამემამულეთა არეში.. . “ - გრ.რობაქიძე, აკაკი პაპავასადმი მიწერილი პირადი წერილიდან;

 

“...სამშობლოს მოწყვეტილნი, უცხოეთშიც მოწყვეტილნი ვართ ერთი მორისაგან. ქვეყანა სიგიჟედ იქცა დღეს - რა მოგველის, სად ვიპოვოთ ნუგეში? გულს არ ვიტეხ მაინც - თუმცა მომდგარ ცრემლებს ვეღარ ვუძლებ ხოლმე: ცრემლებს, რომელთაც სხვას არ ვაჩვენებ...“ - გრ.რობაქიძე, ჟენევა, 21.9.1950;

 

 

უცხოელის თვალით დანახული გრიგოლ რობაქიძე და მისი შემოქმედება

 

“ წლების განმავლობაში მას ჰკლავდა და სულს უფერფლავდა ჯავრი სამშობლოსი... სამშობლოს - საქართველოს სიყვარული გრიგოლ რობაქიძის დაუცხრომელი სულის მარადიული ღელვა იყო. სამშობლო მან დასტოვა ბავშვივით ატირებულმა, და ამ ქვეყნიდან განვიდა მარადისობაში, საქართველოსთან განშორების ლამაზი სევდით“.

რუდოლფ კარმანი - გერმანელი კრიტიკოსი

 

“ძვირფასო მაესტრო! რა შესანიშნავია თქვენი ლექსი “მომაკვდავი არწივი“. როგორ შესძელით თქვენ, უცხოელმა, ამნაირად ჩვენი ძნელი გერმანული ენის გაშლა და ამაღლება, როგორც ამას ვერ შეძლებდა თვით გერმანელი?..“

ტასილიო ფონ შეფერი- ცნობილი გერმანელი პოეტი.

 

„...პოეზიაში ნამდვილი ეგზოტიკის მოცემა შეუძლია მხოლოდ ღვიძლ შვილს თავის ხალხისას, მასში სულით ფესვებგამდგარს... მე ვფიქრობ , პირველად ჰორიზონტზე ჩნდება ერთი ახალი ერი ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის ამ რომანით... ცხოვრობს ჩვენი დედამიწის უმშვენიერეს კუთხეში, განთქმული თავისი სიმღერებით და ლეგენდებით, და მაინც, ჩვენდა სამარცხვინოდ, უცნობია ჩვენთვის, ევროპელებისათვის, თუ რა მდიდარია საქართველო მითიური ძალებით, სავსე ჰეროიკული გონით და ამავე დროს თანამედროვეობისაკენ სწრაფვით, - ეს პირველად ახალგაზრდა მწერლის ამ წიგნიდან გავიგე, რითაც მან თავის სამშობლოს და ამით ჩვენც დიდი სამსახური გაგვიწია...“

შტეფან ცვაიგი, 1928 წელი, ამონარიდი „გველის პერანგის“ გერმანული

 

 

გამოცემის წინასიტყვაობიდან

 

“განცვიფრებული ვდგავარ გასაოცარი ათვისების წინაშე, რომლითაც თქვენ გერმანული ენა და მისი პოტური გამოთქმის შესაძლებლობანი სხვა ენათა შორის ჯერ მიუღწეველ, არნახულ დონეზე აიყვანეთ. ჩემი გულწრფელი რწმენაა, რომ რილკეს შემდეგ ასე სრულყოფილი არაფერი შექმნილა გერმანულ ენაზე!“

ფრანკ მარაუნი - გერმანელი პოეტი

1944 წელი, 16 სექტემბერი