უნივერსიტეტი მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს საერთაშორისო-სამეცნიერო ჟურნალთან „სამართლის მაცნე“

უნივერსიტეტი მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს საერთაშორისო-სამეცნიერო ჟურნალთან „სამართლის მაცნე“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში სამართლის მეცნიერების განვითარებაში და ამ მიზნით წარმატებით თანამშრომლობს აღნიშნული მიმართულების სხვადასხვა უწყებასა თუ საერთაშორისო გამოცემასთან.

 

2020 წლის 21 ოქტომბერს, გაიმართა საერთაშორისო - სამეცნიერო ჟურნალის “სამართლის მაცნე“, პირველი ნომრის პრეზენტაცია, რომელიც სამართლის მეცნიერთა კავშირის ეგიდით გამოიცა.

 

გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, გოჩა ოჩიგავა, სამართლის მეცნიერთა კავშირის ნამდვილი წევრი და ასევე, ჟურნალ “სამართლის მაცნეს“ სარედაქციო საბჭოს წევრია.

 

ღონისძიება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. კავშირის თავმჯდომარემ და ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა - ზურაბ ჭყონიამ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია ჟურნალისა და გამოქვეყნებული ახალი სტატიების შესახებ. აღინიშნა ჟურნალის გამოცემასთან დაკავშირებით ტეხასის შტატის, სენტ მერის უნივერსიტეტის, სამართლის სკოლის დამსახურებული პროფესორის - ვინსენტ რ. ჯონსონის მიერ გამოთქმული დადებითი შეფასება.

 

სამართლის დოქტორმა, პროფესორმა ქეთევან მჭედლიშვილმა - ჰედრიხმა ისაუბრა სამართლის მეცნიერების განვითარებაში ჟურნალის მნიშვნელობასა და ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. კოლეგებს ახალი წამოწყება მიულოცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა მერაბ ტურავამ. მოგვიანებით გაიმართა პირველ ნომერში გამოქვეყნებული სტატიების ავტორთა მოსმენა და მათ მიერ სამეცნიერო ნაშრომებში დასმული მნიშვნელოვანი საკითხების წარმოჩენა - განხილვა.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სამართლის მეცნიერთა კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს და დაინტერესებულია საერთაშორისო - სამეცნიერო ჟურნალ “სამართლის მაცნეს“ შემდგომი ნომრების გამოცემის პროცესში უშუალო მონაწილეობით, რაც სამართლის მეცნიერების განვითარებასა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო - კვლევითი პოტენციალის წარმოჩენა - წახალისებას შეუწყობს ხელს.