დაუვიწყარი დღე - Graduation 2019

დაუვიწყარი დღე - Graduation 2019


4 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თავისი კურსდამთავრებულები - ბაკალავრები, მაგისტრები, საზეიმოდ გააცილა.

 

მანტიებში გამოწყობილი ასობით სტუდენტი ამ მნიშვნელოვან დღეს პროფესორ-მასწავლებლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბა.

 

დაუვიწყარი, ამაღელვებელი, სიხარულითა და ერთგვარი სინანულით სავსე საღამო, რომელიც თოთოეული კურსდამთავრებულის ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება სტუდენტობის საუკეთესო მოგონებად, უნივერსიტეტი კი - ცოდნის საუკეთესო ტაძრად.

 

წელს ორ სკოლას ხვდა წილად პატივი გაეხსნა კურსდამთავრებულთა საზეიმო საღამო - Graduation 2019 - ბიზნესისა და მართვის და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლებს, რომელთა კურსდამათავრებულებმა წარმატებით დაასრულეს სწავლა და გამოირჩეოდნენ წარჩინებული სტუდენტების რაოდენობით.

 

საზეიმო საღამო გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ. მან გზა დაულოცა ახალგაზრდებს და წარმატება უსურვა თითოეულ მათგანს:

 

„... დაგილოცავთ გზას, წარმატებას გისურვებთ და მადლობას გიხდით, რომ აირჩიეთ ჩვენი უნივერსიტეტი, სწორი არჩევანი ყოველთვის არის თქვენი წარმატების საწინდარი. ვიმედოვნებთ, რომ ცხოვრებაში ჯერ კიდევ წინ გაქვთ ბევრი საინტერესო და ამაღელვებელი წუთი, ბევრი წარმატება, რომლითაც თქვენი დედა უნივერსიტეტი კვლავ და კვლავ იამაყებს... „

 

 სტუდენტებმა ყველა კურსდამთავრებულის სახელით მადლობა გადაუხადეს იმ ადამიანებს, ვინც მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანა, ვინც იზრუნა მათ პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბებაზე; ვინც თავისი ცოდნა, მონდომება და ძალისხმევა არ დაიშურა, რომ უკვე სტუდენტობიდანვე ყოფილიყვნენ წარმატებულები და დამოუკიდებლები.

 

საზეიმო საღამოს დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა მათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები გადასცა, ეს გადაწყვეტილება კურსდამთავრებულებმა ფიცის დადებით განამტკიცეს, რომლის შემდეგაც შეასრულეს ტრადიციული, ყველასათვის საყვარელი რიტუალი - ქუდების აყრა.

 

Graduation 2019 ფეიერვერკითა და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.