მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი უნივერსიტეტში

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი უნივერსიტეტში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი წელს აქტიურადაა ჩართული მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალში, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს ეგიდით მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და რომლის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია.

 

28 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში უნივერსიტეტი თბილისის 24-ე, 63-ე და 150-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს მასპინძლობდა. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მათ წინაშე ორი მიზნობრივი სამეცნიერო შოუ: „საგამოძიებო სიმულაცია“ და „ჯანმრთელი ღიმილი ყველას“, აგრეთვე, ექსპოზიცია „ქართული სახელმწიფოებრიობა და დიპლომატიკა“, წარადგინეს.

 

კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გია დეკანოზიშვილმა სამეცნიერო ფესტივალის მონაწილეებს გააცნო: რას შეისწავლის კრიმინალისტიკა, როგორ მიმდინარეობს დანაშაულის ადგილის დათვალიერება, როგორ ტარდება ექსპერტიზა, როგორ ხდება კვალის აღება და ა. შ. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ჩაეტარებინათ მარტივი მანიპულაციები. ამასთან ერთად, ლაბორატორიამ წარმოადგინა სამეცნიერო ფილმი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კრიმინალისტიკაში კვლევა-ძიება წარმოებას შეეხებოდა.

 

მედიცინის სკოლის სტომატოლოგიის მიმართულების პედაგოგებმა და სტუდენტებმა პროფესიული ტრენინგი სიმულაციებით ჩაატარეს, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მულაჟებზე თავად ემუშავათ და კბილის მოვლის, დაბჟენის, ამოღების მანიპულაციები შეესრულებინათ.

 

ექსპოზიცია - „ქართული სახელმწიფოებრიობა და დიპლომატიკა“, ხელნაწერთა ინსტიტუტთან უნივერსიტეტის სტუდენტების მჭიდრო თანამშრომლობით მომზადდა.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ოფიციალური, ისტორიული საბუთები, ჩვენამდე მოღწეული პირველი დოკუმენტებიდან დაწყებული ვიდრე დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, კერძოდ, მეფეთა სიგელ-გუჯრების ასლები და სამოქალაქო და სისხლის სამართლის საბუთები: არზა-ოქმები, სასისხლო სიგელები, მეფეთა და ბატონიშვილთა განაჩენები და განჩინებები, აგრეთვე, ქართულ-სპარსული, ქართულ-ოსმალური და ქართულ-რუსული ურთიერთობების დროს დადასტურებული საბუთები, იმდროინდელი ოფიციალური მიმოწერის ამსახველი თხოვნა-წერილები, პირველ ქართულ გაზეთში - „საქართველოს გაზეთში“, გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტები და სხვ.

 

სტუდენტებმა: მარიამ სამსონიამ, მარიამ ფარცვანიამ, ნია ქავთარაძემ, ლიკა კინწურაშვილმა, როენა ბახიამ სამეცნიერო ფესტივალის მონაწილეებს გააცნეს ისტორიული საბუთების შედგენისა და გაფორმების წესი, ისტორიულ დოკუმენტებზე სხვადასხვა ქვეყნის დამპყრობლური პოლიტიკის გავლენა და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა პერიოდის დიპლომატიკისათვის დამახასიათებელ თავისებურებები.

 

ღონისძიების დასასრულ სტუმრებისა და მონაწილეებისათვის გაიმართა საზეიმო ფურშეტი.

 

30 სექტემბერს უნივერსიტეტის სტუდენტური ლექტორიუმის წევრები- ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტები: ნატა კურტანიძე, გიორგი კარსანიძე, მანანა გელაშვილი, მაგდა ლომაია, ალექსი ცხოვრებაძე, როენა ბახია, ზუგდიდში გაემგზავრებიან და ფესტივალის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ მოსწავლეებთან. სტუდენტები მოზარდებთან ერთად განიხილავენ ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ემოციების მართვა, ბულინგი, დეპრესია, მავნე ჩვევები, ჰიპერაქტიური და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ურთიერთობის საკითხები და სხვ.

 

სტუდენტური ლექტორიუმის წევრებთან ერთად ფსიქოლოგიის მიმართულების პირველკურსელებიც იმუშავებენ.

 

ზუგდიდელ მოსწავლეებს უნივერსიტეტს გააცნობენ ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები ნიკა კოდიაშვილი და ლუკა მჭედლიშვილი.