ბათუმის IX საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფორუმი

ბათუმის IX საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფორუმი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ყოველ წელს, სექტემბერში, საერთაშორისო მულტიდისციპლინურ ფორუმს მართავს და ქართველ და უცხოელ მეცნიერებს ამ სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ იწვევს.

 

წლევანდელი IX საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფორუმი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული და მას უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობა მასპინძლობდა.

 

ფორუმი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორმა ჯოვანი შოპოვსკიმ გახსნეს. ფორუმის მონაწილეებს მიესალმა მაკედონიის უნივერსიტეტის პროფესორი დეჟან მაროლოვი.

 

ფორუმის ფარგლებში რამდენიმე სექცია მუშაობდა: პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი, განათლება, ჯანდაცვა. ბოლო სექცია კი დაეთმო სხვადასხვა თემას, რომელმაც დამსწრეთა მაღალი ინტერესი გამოიწვია (იხ. პროგრამა).

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის, მეცნიერები.

 

საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო უცხოელი კოლეგების მოხსენებები და მათთან გამართული საქმიანი შეხვედრები: ტეხასის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის ბეთ გარსიას მოხსენება ეხებოდა ექსპერიმენტული სწავლების საკითხებს, აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსტეტის ახალგაზრდა მეცნიერები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. პარტნიორული ურთიერთობის საკითხები განიხილეს, აგრეთვე, ლატვიის უნივერსიტეტის რექტორთან ირენა კოკინასთან, რომელმაც ფორუმზე საინტერესო კვლევის შედეგები წარუდგინა კოლეგებს. ფორუმის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ევროპისა და თურქეთის მეცნიერებიც.

 

ფორუმი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მასში აკადემიურ პერსონალთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერები და დოქტორანტებიც მონაწილეობდნენ და საერთაშორისო ინტეგრაციის თვალსაზრისით მათ საუკეთესო გამოცდილება მიიღეს.

 

მეორე დღეს, ფორუმის მონაწილეებისათვის მოეწყო ექსკურსია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და გაიმართა საზეიმო ვახშამი.