„ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები"

„ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები"


10 აგვისტოს ბათუმში მუშაობა დაასრულა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ვურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივმა საზაფხულო სკოლამ - "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები".

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლის საზეიმო დახურვის ცერემონიაზე სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ, ვურცბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ეკჰარდ პახემ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა მაღალი შეფასება მისცეს სკოლის მუშაობას, მადლობა გადაუხადეს ქართველ და გერმანელ პროფესორებსა და სპეციალისტებს საინტერესო ლექციებისათვის და შემდგომი წარმატება უსურვეს სტუდენტებს პროფესიულ საქმიანობაში. თითოეულ მათგანს გადაეცა სერტიფიკატი.

 

საზაფხულო სკოლის მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში ისმენდნენ ლექციებს ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ, მათ შორის, ევროპის კავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის, პირადი ცხოვრებისა და მონაცემთა დაცვის უფლების ევროპული სტანდარტების, ეროვნულ სამართლებრივ სისტემებში ადამიანის უფლებათა დაცვის, ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მნიშვნელობის, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი პრაქტიკისა და სხვა საკითხების შესახებ.

 

ლექციებს უძღვებოდნენ ქართველი და გერმანელი პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები. საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს 6 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი, გერმანელი სტუდენტები ვურცბურგისა და იენას უნივერსიტეტებიდან, ასევე საჯარო მოხელეები.

 

აღნიშნული საზაფხულო სკოლა ვურცბურგის უნივერსიტეტს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

 

პროექტი მიმდინარეობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.