მემორანდუმი საქალაქო სასამართლოსთან

მემორანდუმი საქალაქო სასამართლოსთან


სწავლა-სწავლების პროცესში პრაქტიკული კომპონენტების გააქტიურებისა და სტუდენტებისათვის პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი წლების განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებთან და ამ მიმართულებით მუშაობას დღემდე აგრძელებს.

 

20 დეკემბერს უნივერსიტეტსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია ერთობლივი თანამშრომლობის სისტემის ფორმირება და ამ ფარგლებში უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწავლო პრაქტიკისა და იმიტირებული პროცესების ორგანიზება.

 

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს:

 

სასამართლო პრაქტიკაში არსებულ პრობლემურ სამართლებრივ საკითხებზე „სასამართლო მეგობრის (ე.წ. amicus curiae)“ ფუნქციის შესრულების გზით სასამართლოსთან უნივერსიტეტის თანამშრომლობას;

 

აქტუალური სამართლებრივი ან ორგანიზაციული კომპეტენციების შესახებ სასამართლოში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ საჯარო ლექციების ჩატარებას;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო კვლევების განხორციელებას და სხვა საკითხებს.

 

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ აღნიშნა: ...ჩემთვის, ამ მემორანდუმს ორმაგი დატვირთვა აქვს - ის, უდაოდ, შეუწყობს ხელს სტუდენტთა პროფესიული უნარების განვითრებას, მაგრამ მთავარი სხვა რამ არის - მას ხელს აწერს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც, არცთუ დიდი ხნის წინ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტი იყო, ამიტომ, დღევანდელი ცერემონიალი, უნივერსიტეტისა და მისი პროფესორ-მასწავლებელთა  კორპუსისათვის, ყველაზე საამაყო მოვლენაა...

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ვასილ მშვენიერაძემ, თავის მხრივ,  მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს და ბრძანა: ... ჩემ კარიერულ წინსვლას სწორედ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, მის პროფესორ-მასწავლებლებს ვუმადლი...

 

 

საკონტაქტო პირი: ია ხურციძე - i.khurcidze@gruni.edu.ge