სტუდენტების შეხვედრა სახალხო დამცველთან

სტუდენტების შეხვედრა სახალხო დამცველთან


2 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველის შეხვედრა სტუდენტებთან.

 

შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ მოკლედ მიმოიხილა მისი უწყების კომპეტენციები და საგანგებოდ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების სწავლება სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, შესაბამისად, აღნიშნული ინსტიტუცია ორიენტირებულია უნივერსიტეტებთან, მათ შორის, კერძო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაზე.

 

სტუდენტებთან შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს, რომლებიც საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შეეხებოდა, კერძოდ, სტუდენტები დაინტერესდნენ როგორია სახალხო დამცველის მონაწილეობა ადამიანების შრომითი, პოლიტიკური, საარჩევნო უფლებებისა და ახალგაზრდების სწავლის უფლებების დასაცავად.

 

შეხვედრის ბოლოს ასოციაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე თოფურიამ და საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა/განხორციელებას, სამეცნიერო სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას, სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების რექტორები.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m. lomia@gruni.edu.ge