ამერიკისა და ბრიტანეთის შესწავლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაფუძნდა

ამერიკისა და ბრიტანეთის შესწავლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაფუძნდა


23 ივნისს თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაფუძნდა ამერიკისა და ბრიტანეთის შესწავლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

 

ინსტიტუტის მიზანია ანგლისტიკისა და ამერიკანისტიკის სფეროში პრიორიტეტული კვლევების განხორციელება. ინსტიტუტი კონსულტაციებს გაუწევს ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებს, რომელთა ინტერდისციპლინური კვლევაც დაკავშირებული იქნება ინსტიტუტის საქმიანობასთან; გამოაქვეყნებს მონოგრაფიებს, სამეცნიერო სტატიებს, ჩაატარებს სამეცნიერო კონფერენციებს, საჯარო ლექციებს, მოაწყობს თემატური ნაშრომების (წიგნები, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები) პრეზენტაციებს, განახორციელებს სამეცნიერო კვლევებს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის წარსულის, თანამედროვეობისა და სამომავლო პოლიტიკურ-სოციოლოგიური თუ კულტურული პროგრამების შესახებ. ინსტიტუტს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა ამერიკისა და ბრიტანეთის შესწავლის სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალის „ამბრისის“ გამოსაცემად, რომლის მოსამზადებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიწვევს მკვლევრებს.

 

ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • თეორიულ-ემპირიული კვლევების წარმოება ამერიკისა და ბრიტანეთის შესწავლის მიმართულებით;
  • სამეცნიერო-კვლევით პროცესში მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჩართვა;
  • კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობა უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორებისა და დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებისთვის;
  • კვლევის შედეგების აქტიურად დანერგვა სასწავლო დისციპლინებში;
  • სამეცნიერო-კვლევითი ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და უცხოეთის ინსტიტუტებთან, კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან;
  • ახალი სასწავლო პროგრამების, სილაბუსების, სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის მომზადება უმაღლესი განათლების სისტემის სრულყოფისათვის;
  • კონფერენციების ჩატარება;
  • საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა;
  • მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის გამოცემა;
  • საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის გამოცემა;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ამერიკისა და ბრიტანეთის შესწავლის ინსტიტუტის ვებგვერდის ინფორმაციული უზრუნველყოფა.

 

ამერიკისა და ბრიტანეთის შესწავლის ინსტიტუტის დაარსების ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე; ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფ. ვასილ კაჭარავა; ამერიკისა და ბრიტანეთის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი, საერთაშორისო ჟურნალისტიკის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი მაია ნადარეიშვილი; ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი რეზო ბალანჩივაძე; უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფ. ხათუნა კაჭარავა; უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები.

 

 

საკონტაქტო პირი: ხათუნა კაჭარავა - 599 159 334