წარმატებული სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

წარმატებული სასწავლო ვიზიტი გერმანიაში


ევროპის მოწინავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილების გაზიარება, განათლების საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა, შეხვედრები ცნობილ მეცნიერებთან და პოლიტიკოსებთან, მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, გამოცდილი სპეციალისტების პრაქტიკული რჩევები ემსახურება მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მქონე პროფესიონალი, ანალიტიკური და კრეატიული უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდების აღზრდას.

 

ამ მიზნით განხორციელებული სასწავლო-პრაქტიკული ტურები ევროპაში უნივერსიტეტის სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. წელს უნივერსიტეტმა უკვე ოთხი ასეთი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა ევროპაში.

 

მიმდინარე წლის 3-14 აპრილს, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ორგანიზებითა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) დაფინანსებით, განხორციელებული სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი გერმანიაში წარმატებით დასრულდა, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო სტუდენტებისათვის დაგეგმილი ღონისძიებები, კერძოდ:

 

პროექტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ევროკავშირის მმართველობით სისტემასა და საგარეო პოლიტიკას, მონაწილეობდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების - ვურცბურგისა და პოტსდამის, მიერ შემოთავაზებულ სასწავლო ღონისძიებებში, ეწვივნენ გერმანიის მმართველობით ორგანოებს, შეხვდნენ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს და სხვა.

 

სასწავლო - შემეცნებით ვიზიტს ხელმძღვანელობდა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

 

სტუდენტების ვიზიტი გერმანიაში, ბერლინში, საქართველოს საელჩოს სტუმრობით დაიწყო. ელჩმა - გუჯა ხოკრიშვილმა, ახალგაზრდებს გააცნო საელჩოს ფუნქციები და საქმიანობის წესი, ასევე, საქართველოს მოქალაქეთა გერმანიაში უკანონო მიგრაციის საკითხები. ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებისა და ევროკავშირში მისი სამომავლო ასოცირების შესახებ.

 

გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოებაში (DGAP) სტუმრობისას პროფესორ გუნთერ ფერ ჰოიგენმა სტუდენტებს თავის საკმაოდ მრავალფეროვან და საინტერესო პოლიტიკურ კარიერაზე ესაუბრა, გააცნო გერმანიისა და ევროპის საგარეო პოლიტიკის ყველაზე აქტუალური საკითხები და უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

 

დოქტორი შტეფან მაისტერი, რომელიც რობერტ-ბოშის ცენტრის ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია, სტუდენტებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე ესაუბრა. აღინიშნა კავკასიის კონფლიქტებზე რუსეთის არჩევნების შედეგების ზეგავლენისა და საგარეო პოლიტიკაში ამერიკის პრეზიდენტის აქტიური როლის შესახებაც.

 

ბრანდენბურგის მიწის ლანდთაგში სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას გერმანიის ფედერალური მოწყობის, საარჩევნო სისტემის, ცენტრისა და მიწის უფლებამოსილებების შესახებ.

 

სტუდენტებმა მოინახულეს გერმანიის ბუნდესთაგიც (პარლამენტი), რომელიც მდებარეობს რაიხსტაგის შენობაში, აქ 1894-1933 წლებში გერმანიის რაიხის პარლამენტი ფუნქციონირებდა. სტუდენტებმა მოინახულეს მეორე მსოფლიო ომის დროს რაიხსტაგის კედლებზე დაწერილი ისტორიები, მათ შორის, ქართული წარწერებიც.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პოტსდამის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - Master of Public Management - MPM აკავშირებს. ქართველ სტუდენტებს პროგრამის კოორდინატორმა სოფია ბელმანმა უმასპინძლა და ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელების, სწავლა-სწავლების მეთოდების, მისი სტრუქტურისა და შედეგების შესახებ ესაუბრა.

 

პოტსდამის უნივერსიტეტში სტუდენტები პროფესორ იულია ფლაიშეს ლექციასაც დაესწრნენ, რომელმაც წარმატებული მმართველობის არსის შესახებ ისაუბრა. სტუდენტები დაინტერესდნენ გერმანიის საჯარო მმართველობის სისტემით, მისი სტრუქტურული და ორგანიზაციული მმართველობით. შეხვედრაზე განიხილეს გერმანიის ფედერაციული მოწყობისა და საჯარო მმართველობის ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც გერმანიას სხვა ევროპული ქვეყნებისგან განასხვავებს.

 

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს პოტსდამის სტუდენტური თვითმართველობისა და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებმაც უმასპინძლეს, ხოლო სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ქართველ ახალგაზრდებთან ერთად დაესწრნენ გერმანელი დიპლომატის - კარსტენ უილმსის (შუა აღმოსავლეთის მისიის ხელმძღვანელი) საჯარო ლექცია-დისკუსიას. განიხილეს შუა აღმოსავლეთის კონფლიქტები და მათი გავლენა ევროკავშირზე, გლობალიზაციისგან მიღებული გამოწვევები და შანსები გერმანიის საგარეო სამინისტროსთვის, „ინფორმაციული ომი“ გლობალურ პოლიტიკაში, ნატოში ინტეგრაციის შანსები საქართველოსა და უკრაინისათვის და სხვა საკითხები.

 

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გერმანიის ქალაქ ვურცბურგსაც ეწვივნენ. იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტში რამდენიმე საინტერესო ლექცია გაიმართა: სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა პახემ სტუდენტებს გააცნო უნივერსიტეტი, მისი ისტორია და საქმიანობა; პროფესორმა კრისტოფერ კერვერმა გერმანული შრომითი სამართლისა და ევროკავშირის შრომით სამართალთან მისი თავსებადობის შესახებ ისაუბრა; დოქტორმა კარინ ლინჰარტმა გერმანული სამართალის საფუძვლებისა და გერმანული საგადასახადო სისტემა გააცნო სტუდენტებს; პროფესორი კაროლინა რუფი გერმანული კერძო სამართალის აქტუალურ საკითხებს შეეხო; პროფესორმა ოლივერ რემენმა კერძო სამართალში არსებული კაზუსები მიმოიხილა, პროფესორ ოლაფ სოსნიცას ლექცია კი ევროპულ სამარკო სამართალს დაეთმო.

 

უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტების სასწავლო ვიზიტი გერმანიაში ქალაქ მიუნხენის სტუმრობით დასრულდა.

 

სტუდენტებმა სხვა ღირსშესანიშნაოებებთან ერთად, მოინახულეს მიუნხენის რატჰაუსი. მიიღეს დეტალური ინფორმაცია მისი პოლიტიკური და კულტურული ისტორიის შესახებ. ასევე გაეცნენ მისი მუშაობის პრინციპს, საკრებულოსა და მერის არჩევის წესს.