გლობალური ტურიზმის გავლენა კულტურულ მემკვიდრეობაზე
GeoEng

გლობალური ტურიზმის გავლენა კულტურულ მემკვიდრეობაზე

საერთაშორისო ტურიზმი, თანამედროვე მსოფლიოში ქმნის გლობალური მომსახურების ინდუსტრიას, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მოქალაქეთა შემოსავლების, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სფეროებზე, ამასთან, კულტურულ მემკვიდრეობასა და კულტურაზე. ტურიზმი აერთიანებს სხვადასხვა შეხედულების, ფასეულობის, ინტერესისა და კულტურის წარმომადგენლებს. თუმცა, რამდენად მხოლოდ პოზიტიური კუთხით ახდენს ტურიზმი გავლენას კულტურასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე, ცალკე მსჯელობის საგანს წარმოადგენს.

 

ტურისტული რესურსების კატეგორიზაციის დროს ხდება მათი დაჯგუფება მატერიალურ და არამატერიალურ ფორმებად, მათ შორის კი კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს ერთ ერთ მთავარ წყაროს. სწორედ კულტურული მემკვიდრეობა არის კულტურული ტურიზმის ტურისტული პროდუქტის ძირითადი წყარო. ამასთან, კულტურული ტურიზმი მსოფლიოს წამყვან ტურისტულ მიმართულებად მიიჩნევა. გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ კულტურული ტურიზმი განიმარტება როგორც: ტურიზმის სახეობა სადაც, მოგზაურის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეისწავლოს, დაათვალიეროს, გამოსცადოს და ისარგებლოს მატერიალური და არამატერიალური კულტურის პროდუქტით სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში. აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს განსაკუთრებულ მატერიალურ, ინტელექტუალურ, სულიერ და ემოციურ ნაწილს იმ საზოგადოებისა რომელიც ქმნის ხელოვნებასა და არქიტექტურას, ისტორიულ, კულტურულ და კულინარიულ მემკვიდრეობას, ლიტერატურას, მუსიკას, შესაბამისად, ინდუსტრიებსა და კულტურულ ფასეულობებს. აღნიშნული განმარტება გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ განაახლა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 22-ე ასამბლეაზე 2017 წელს. თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურასა და კვლევებში სულ უფრო აქტუალური ხდება კულტურული ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი მიგნებების კვლევა. ამერიკის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით გლობალური კულტურული ტურიზმის იდუსტრიის ზრდის მაჩვენებელი 2023-2027 წლებში 6600 მლნ აშშ დოლარით გაიზრდება, რაც საშუალოდ 20,7% ზრდას გულისხმობს. აღნიშნული მონაცემი საკმაოდ მაღალია, რაც გულისხმობს ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ყველა რესურსისა და ინფრასტრუქტურის აქტიურ გამოყენებას, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის.

 

კულტურული ტურიზმის მზარდი დინამიკა თავის მხრივ მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში არ განიხილება. ისევე როგორც, სხვა აქტივობებსა და საქმიანობებს, კულტურული ტურიზმის განვითარებასაც თან ახლავს უარყოფითი გავლენა, რაც გამოიხატება სხვადასხვა ფორმით, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით,მსგავსი არაერთი მაგალითი მოიპოვება საერთაშორისო დონეზე.

 

კულტურული ტურიზმის მზარდი დინამიკა გახდა სწორედ საფუძველი იმისა, რომ განვითარებული ქვეყნების მიერ ეტაპობრივად დაინერგა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიები. ამასთან, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაცია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება.

 

სახელმწიფოს მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი სტრატეგიების შემუშავება მკაფიოდ გამოხატავს სახელმწიფოს პოლიტიკას კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით. მდგრადი სტრატეგიების შემუშავების ძირითად საფუძველს წარმოადგენს სამართლებრივი, სახელმწიფოებივი, მმართველობითი მექანიზნები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, კერძოდ: ქმნის ნორმატიულ აქტებს, ერთიანდება საერთაშორისო პროფილურ ორგანიზაციებში, ნერგავს წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას, რეგულარულად ზრუნავს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზე, ქმნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდებს, ახალისებს სამოქალაქო საზოგადოებას ინოვაციური პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიზნით. აღნიშნული პროცესი რთული სისტემაა, თუმცა მთავარი ამ სისტემაში არის თანმიმდევრობა და ურთიერთკავშირი. სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში ხშირად გხვდება აღნიშნული სისტემის არაეფექტური მუშაობის შედეგად მიღებული უარყოფითი შედეგები, ერთის მხრივ სახელმწიფოს ნაკლებად ეფექტური პოლიტიკა, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის.

 

მოსაზრება, რომ სახელმწიფოს მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი სტრატეგიების შემუშავება მკაფიოდ გამოხატავს სახელმწიფოს პოლიტიკას კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით ხაზგასმით შესაძლებელია მიღებული იქნეს ფაქტობრივ გარემოებად, თუმცა ამასთან, უნდა გამოიკვეთოს ტურისტული თვალსაზრისით იგი, როგორც ტურისტული პროდუქტის შექმნის რესურსი. უფრო ფართოდ , რომ ვისაუბროთ სახელმწიფო პოლიტიკის მექანიზმების საფუძველზე შესაძლებელია შეიქმნას ახალი ტურისტული პროდუქტი, რომელიც უკავშირდება ტურიზმის ინდუსტრიის მდგრად განვითარებას. მაგალითისათვის შესაძლებელია მოვიყვანოთ სახელმწიფოს მიერ აღდგენილი ისტორიულ-კულტურული არქიტექტურული ძეგლი, რომელიც შემდგომ ხდება ტურისტული პროდუქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. ტურიზმის ინდუსტრიაში დარგის ექსპერტებს კარგად ესმით ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, ძეგლების, ექსპონატების მნიშვნელობა. თუმცა „ჭარბი“ გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ამ რესურსის დაზიანება.

 

როდესაც ვსაუბრობთ გავლენაზე, ცალსახად არ ვგულისხმობთ მხოლოდ მექანიკურ ზემოქმედებაზე, მნიშვნელოვანია ინტელექტუალური, შემეცნებითი კომპონენტი. სამწუხაროდ, თანამედროვე ტურიზმის ინდუსტრიისათვის, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ჯერ კიდევ არსებობს სამეცნიერო და საგანმანათლებლო საწყისებზე ინფორმაციის შეგროვებისა და მიწოდების გამოწვევა. ტურიზმის ინდუსტრიის სუბიექტების მიერ ხშირად ხდება მეცნიერულად დაუზუსტებელი,ნაკლებად შესწავლილი, ასევე არა პროფესიონალის მიერ მცდარი ინფორმაციის მიწოდება, რაც თავისთავად უარყოფით გავლენას ახდენს ისტორიულ-კულტურული რესურსზე და საბოლოო ჯამში აყალიბებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არასწორ აღქმას ამა თუ იმ ძეგლთან, კულტურის ელემენტთან მიმართებაში.

 

ამრიგად ,კულტურული ტურიზმის გავლენის სფეროებზე საუბრისას ყურადღება უნდა გამხვილდეს რამდენიმე მიმართულებაზე.

  1. როგორ სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს სახელმწიფო ტურიზმის ინდუსტრიასთან მიმართებაში - აქ შესაბამისად იგულისხმება მდგრადი განვითარების სტრატეგიებისა და სხვადასხვა პროგრამების განხოციელება;
  2. რამდენად მზად არის ტურიზმის ინდუსტრია კულტურული ტურიზმის ძირითადი რესურსების დაცვის მექანიზმების გამოყენებით შექმნას ტურისტული პროდუქტები.
  3. მექანიკური ზემოქმედებისაგან დაცვის სტრატეგიების შემუშავება;
  4. ინტელექტუალური, საგანმანათლებლო, მეცნიერულ დასკვნაზე დაყრდნობით შექმნილი თეორიული სახელმძღვანელოები და მათი მიწოდება მომხმარებლისათვის;
  5. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით კულტურული ტურიზმის ელემენტები ცნობადობის ზრდა;
  6. თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა.
  7. ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანიების წარმოება;