მხარდაჭერის ინსტიტუტი
GeoEng

მხარდაჭერის ინსტიტუტი

ყოველ ადამიანს აქვს უფლება აღიარებული იყოს სამართლის სუბიექტად, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის მიერ უფლებების ფლობას, არამედ შესაძლებლობას – განახორციელოს ეს უფლებები. დაუშვებელია ადამიანის სამართლებრივად ქმედუუნაროდ მიჩნევა იმ მიზეზით, რომ იგი ფსიქიურად დაავადებულია ან ჭკუასუსტია. მისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ადეკვატური და ქმედითი მექანიზმები.

 

შესაბამისად, 2015 წლიდან ქართულ კანონმდებლობაში ახალი ცნება - „მხარდამჭერის მიმღები“ ჩნდება. აღნიშნული ცვლილებები დაეყრდნო;

ა) 2014 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ფსიქიური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის იმ დროინდელი საკანონმდებლო რეგულაციები, მათი შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტებთან და

ბ) გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მოთხოვნებს, რომელიც პრინციპულად უარყოფს ადამიანისთვის ქმედუნარიანობის ჩამორთმევას.

 

მოქმედი კანონმდებლობით მრავალი წლის მანძილზე ჩვენს ირგვლივ ცხოვრობდნენ ადამიანები (ქმედუუნარო პირები), რომელთაც კანონის ძალით ეკრძალებოდათ:

  • არჩევნებსა თუ რეფერენდუმებში მონაწილეობა;
  • სასამართლოსა თუ ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართვა;
  • სამოქალაქო ქორწინება, შვილის აღზრდა;
  • სამართლებრივ ურთიერთობებში ნების გამოვლენა და სხვა;

 

აღნიშნული პირების ცნებაში მოიაზრებოდნენ დღევანდელი კანონმდებლობით განსაზღვრული „მხარდაჭერის მიმღებებიც“, ისინი სამოქალაქო ცხოვრებიდან გამქრალები იყვნენ, რადგან მისი სახელით მოქმედებდა ერთი ადამიანი - მეურვე. აღნიშნული საკითხი კანონმდებლის მიერ კონვენციით დადგენილი მაღალი სტანდარტის საწინააღმდეგოდ შეფასდა.

 

განხორციელებული ცვლილებების თანახმად პირი, რომელსაც აქვს რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში ითვლება ქმედუნარიან პირად, რომელსაც ფსიქო-სოციალური საჭიროებების ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე შეიძლება სასამართლოს მიერ დაენიშნოს მხარდამჭერი, ანუ პირი, რომელიც მას დაეხმარება საკუთარი უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში.

 

მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მხარდამჭერად პირი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობის საფუძველზე. მხარდამჭერის დანიშვნისას სასამარ­თლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულე­ბის უნარს, მხარდამჭერსა და მხარდამჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში, ასევე მისი მშობლის მითითებას. მხარდამჭერის მიმღების შეფასების პროცესში ჩართულია: სოციალური მუშაკი და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები – ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და ოკუპაციური თერაპევტი. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიერ განისაზღვრება მხარდამჭერად დანიშვნის ვადაც.

 

თავის მხრივ მხარდამჭერი მოვალეა თვალყური ადევნოს ასეთი პირის მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, გამოიკვლიოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებაში მხარდაჭერის მიმღებისთვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით. იგი ასევე ვალდებულია, სასამართლოს მიერ დადგენილი პერიოდულობით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სადაც მიუთითებს მის მიერ სამზრუნველო პირისთვის მხარდაჭერის განხორციელებასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

 

კანონმდებლობის მიხედვით, მხარდაჭერის მიმღებ პირს შეუძლია განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები დამოუკიდებლად, ხოლო იმ სფეროში, სადაც დანიშნული ჰყავს მხარდამჭერი - შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელების მეშვეობით. პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.

 

კანონმდებლობით გათვალისწინებულია მხარდაჭერის ფარგლების შეცვლისა და მხარდაჭერის გაუქმების წესი.

 

ქმედუნარიანობის სისტემის ახალმა მოდელმა განსხვავებული მიდგომები ჩამოაყალიბა ცალკეულ უფლებებთან მიმართებაში. ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმამდელი კანონმდებლობით, ქმედუუნაროდ აღიარებული პირ(ებ)ისათვის აკრძალული იყო ნებისმიერი, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულების დადება, რაც გამორიცხავდა პირის შრომით ურთიერთობაში შესვლას. ქმედუნარიანობის ახალი ინსტიტუტი, რომელიც ყველა პირს ქმედუნარიანად მიიჩნევს და მხარდაჭერის საჭიროების განსაზღვრისას, ადგენს ინდივიდუალური მიდგომის გამოყენების სავალდებულოობას, შრომის უფლებით სარგებლობის ნაწილში განსხვავებულად აწესრიგებს მხარდაჭერის მიმღები პირების უფლებრივ მდგომარეობას.

 

ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმირებამდე მოქმედი კანონმდებლობა გამორიცხავდა ქმედუუნარო პირების მხრიდან აქტიური თუ პასიური საარჩევნო უფლების განხორციელების შესაძლებლობას, რაც პირდაპირ ქმედუუნარობის სტატუსს უკავშირდებოდა და საარჩევნო უფლების ბლანკეტურ შეზღუდვას წარმოადგენდა. სისტემის გარდაქმნის შედეგად, შეიცვალა მიდგომა საარჩევნო უფლების რეალიზების თვალსაზრისით, რამდენადაც გაუქმდა არჩევნებში მონაწილეობის სტატუსზე დაფუძნებული შეზღუდვა. თუმცა, ამგვარი რეგრესული ჩანაწერი შენარჩუნდა სტაციონალურ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი, მკურნალობას დაქვემდებარებული, მხარდაჭერის მიმღები პირების მიმართ.

 

ქმედუუნაროდ აღიარებული პირების პირადი და ოჯახური ცხოვრების მარეგულირებელი ნორმები ვერ უზრუნველყოფდა მათი მინიმალური რეალიზების გარანტიებსაც კი. პირისათვის სასამართლოს მიერ ქმედუუნარობის სტატუსის მინიჭება ავტომატურად იწვევდა მის გამორიცხვას ქორწინების უფლების განხორციელებისა და მშობლის უფლების რეალიზების შესაძლებლობებისგან. სამოქალაქო კოდექსში ვხვდებოდით უფლების შემზღუდავ ხისტ ნორმებს, რომელიც მშობლის ქმედუუნაროდ ცნობას პირდაპირ უკავშირებდა გაშვილებისა და მინდობით აღზრდის პროცედურის დაწყებას. წლების მანძილზე, სახელმწიფო ინსტიტუციაში მყოფი პირებისათვის ასევე შეუძლებელი იყო ბიოლოგიური შვილის ყოლა, რამდენადაც, კანონმდებლობა მათ შვილებს უმოქმედობით მიტოვებულ ბავშვად მიიჩნევდა და უქვემდებარებდა ავტომატურად გაშვილებას. ქმედუუნარობის ინსტიტუტის რეფორმის შედეგად, გაუქმდა ყველა ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც ზღუდავდა ქმედუუნაროდ აღიარებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მშობლის უფლების რეალიზებას. კერძოდ, გაუქმდა ქმედუუნარო მშობლის უპირობო ვალდებულება, გააშვილოს ან მინდობით აღზრდაში გაუშვას საკუთარი ბიოლოგიური შვილი. ნაცვლად ამისა, კანონმდებლობა ადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალური შეფასებისა და შესაბამისი მხარდაჭერის განსაზღვრის შესაძლებლობას. თუმცა, კანონმდებლობამ გაითვალისწინა შეზღუდვა მხარდაჭერის მიმღები პირის მინდობით აღზრდით სისტემაში შესვლასთან დაკავშირებით.

 

ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმამდელი კანონმდებლობა პირის ქმედუუნაროდ აღიარებას ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევდა. ვინაიდან ქორწინების მიზნებისათვის პირის ნების ჩანაცვლება შეუძლებელია, ქმედუუნარო პირებს განუსაზღვრელი ვადით ჰქონდათ შეზღუდული ქორწინების უფლება. დღეს მოქმედი რეგულაცია შემზღუდველი შინაარსის ნორმად რჩება, რამდენადაც კრძალავს ქორწინებას იმ პირებს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი მხარდაჭერის მიმღები პირია და რომელთაც კანონით დადგენილი წესით არ დაუდიათ საქორწინო ხელშეკრულება. ამ რეგულაციის გათვალისწინებით, ქორწინების, როგორც უფლების, განხორცილების შესაძლებლობა დამოკიდებული ხდება სამოქალაქო ხელშეკრულების - საქორწინო კონტრაქტის დადებაზე, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, მეუღლეებმა კანონისგან განსხვავებულად მოაწესრიგონ ქორწინების პერიოდში ან ქორწინებამდე შეძენილი ქონების განკარგვის, ასევე მისი განაწილების და სხვა საკითხები.

 

ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმამდელი მოდელი აბსოლუტურად ზღუდავდა ქმედუუნარო პირისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. შეზღუდვის გამო, სახეზე იყო ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების შელახვის საფრთხე, მათი დაცვის მექანიზმზე ხელმისაწვდომობის არარსებობიდან გამომდინარე. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების ბლანკეტური შეზღუდვით, ქმედუუნარო პირებისათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა მთლიანად დამოკიდებული იყო სხვა პირის ნებაზე. რეფორმის ფარგლებში, მხარდაჭერის მოდელის კანონმდებლობაში ასახვით შეიცვალა სასამართლოსათვის მიმართვის უფლების მოწესრიგება. მისი განხორციელება მთლიანად დაეფუძნა პირის ინდივიდუალური უნარებისა და შესაძლებლობების შეფასების ხედვას და შესაბამისი მხარდაჭერითი მექანიზმის დანერგვით დამოუკიდებლად განხორციელების იდეას. გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობამ, გარკვეული ხარვეზებით, თუმცა, გაითვალისწინა პირის მონაწილეობის შესაძლებლობა სასამართლო პროცესში, რომელიც მისი მხარდაჭერის საჭიროების განსაზღვრას შეეხება.

 

ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმამდე, განსაკუთრებით მწვავედ იდგა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე, ქმედუუნარო პირებისათვის ფსიქიატრიული დახმარების მიწოდებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის საკითხები. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვის მხრიდან გამოხატული თანხმობა, როგორც ნებაყოფლობითი მკურნალობის საფუძველი. ამავე გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ქმედუუნაროდ აღიარებული პირისათვის ინფორმაციაზე წვდომის, ნებაყოფლობითი მკურნალობის, საკუთარი სურვილით ფსიქიატრიული დაწესებულებისა და შესაბამისი მკურნალი ექიმის არჩევის, ასევე გამოკვლევისა და მკურნალობის შეწყვეტის თავისუფლების შემზღუდავი ნორმები.

 

ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმამდე არსებული მოდელი გამორიცხავდა ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მიერ სამოქალაქო გარიგებების, მათ შორის, წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებების დადების შესაძლებლობას.

 

რეფორმამ მთლიანად შეცვალა მიდგომა მხარდაჭერის მიმღები პირის სამოქალაქო გარიგებებში მონაწილეობის მიმართ. კანონმდებლობა სამოქალაქო სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლას აღარ უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის სტატუსს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები ემსახურებოდა კანონმდებლობაში არსებული ქმედუუნარობის ამსახველი ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოქცევას, იგი შეფასდა, როგორც ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმა, რაც მნიშვნელოვანი და წინ გადადგმულ ნაბიჯია ადამიანების უფლებების დაცვის თვალსაზრისით.