შსს-ს თანამშრომლებმა სტუდენტებთან საპოლიციო სამართლის საკითხები განიხილეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შსს-ს თანამშრომლებმა სტუდენტებთან საპოლიციო სამართლის საკითხები განიხილეს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის წლების წინ დაწყებული თანამშრომლობა დღემდე გრძელდება. დარგის სპეციალისტებთან, პრაქტიკოსებთან სტუდენტების შეხვედრა და მათთან ერთად საინტერესო და პროფესიული საკითხების განხილვა გახლავთ ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი ასპექტი.

 

18 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ინიციატივით, უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებისათვის გაიმართა შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორებთან - თამარ ცხადაძესა და ბარბარე ბეჟუაშვილთან.

 

მოწვეულმა სტუმრებმა ვრცლად მიმოიხილეს საპოლიციო სამართლის და პოლიციის შესახებ არსებული კანონმდებლობა, საპოლიციო ღონისძიებები. ისაუბრეს პოლიციის ფუნქციების, საპოლიციო ღონისძიებების ჩატარების საფუძვლების, პირის მოწვევის, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების, სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების, სპეციალური საპოლიციო კონტროლის, ადგილის დატოვების მოთხოვნისა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის, პირის ან სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვისა და სხვა საპოლიციო ღონისძიებების შესახებ.

 

განხილულმა თემამ სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია, მოწვეულმა სტუმრებმა ამომწურავად უპასუხეს სტუდენტების ყველა შეკითხვას.

 

შეხვედრას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალიც ესწრებოდა.

 

უნივერსიტეტი მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისათვის, სპეციალისტების მონაწილეობით ასეთი შეხვედრები სტუდენტებთან კვლავაც გაგრძელდება.