სტუდენტური კონფერენცია „ჩვენი ენა ქართული“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური კონფერენცია „ჩვენი ენა ქართული“


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პირველკურსელთა ინიციატივით, გაიმართა უნივერსიტეტთაშორისი სტუდენტური კონფერენცია „ჩვენი ენა ქართული“.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, სამართლისა და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები, ღია უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, მოსწავლე საზღვრისპირა რეგიონიდან თამარ აქუბარდია და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი დავით სირაძე. კონფერენციას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი ნინო შოშიტაშვილი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი დიანა ტყებუჩავა და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მასობრივი კომუნიკაციის სამსახურის უფროსი მერი ლომია.

 

სტუდენტებმა ვიდეო და აუდიოსაშუალებების გამოყენებით საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს ენის განვითარების, თანამედროვე ენობრივი პოლიტიკის, ტერმინოლოგიის, უცხოეთში ქართული კულტურის კერების, ქართული ენის მოამაგეთა შესახებ, ისაუბრეს ვეფხისტყაოსნის, ლევან გოთუას, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების შესახებ, გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილი.

 

თითოეული მოხსენება იყო საინტერესო და ემოციური, რომელიც გამოხატავდა ქართული ენისადმი სტუდენტთა დამოკიდებულებას, ამ ხელიხელსაგოგმანები საგანძურის მნიშვნელოვნებას. კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს ინიციატივა, შემოიღონ რუბრიკა „ჩვენი ენა ქართული“ და პერიოდულად მოამზადონ და გამოაქვეყნონ განმარტებები ენის სიწმიდესთან დაკავშირებით.

 

კონფერენცია შეაჯამა უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ. მან მოუწონა ახალგაზრდებს გადაწყვეტილება, ესაუბრათ ქართული ენისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. საინტერესო მოხსენებებისათვის შეაქო სტუდენტები და აღნიშნა, რომ დღეს მომავალი თაობების საზრუნავია ენის, ამ ფასდაუდებელი საგანძურის, სიწმიდის დაცვა. რექტორის გადაწყვეტილებით, კონფერენციის მასალები გამოიცემა კრებულად.

 

სტუდენტური კონფერენცია: „ჩვენი ენა ქართული“