სამეცნიერო სტატიების მიღება ბრიტანეთისა და ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო სტატიების მიღება ბრიტანეთისა და ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბრიტანეთისა და ამერიკის შესწავლის სამცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი იწვევს მკვლევრებს სამეცნიერო სტატიების გამოსაქვეყნებლად აღნიშნული ინსტიტუტის საერთაშორისო, რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალში „ბრამსი“.

ჟურნალი სამეცნიერო სტატიებს აქვეყნებს ნებისმიერ თემაზე ბრიტანეთისა და ამერიკის შესწავლის მიმართულებით. ინსტიტუტის კვლევითი ინტერესები მოიცავს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებს, გაერთიანებულ სამეფოს, თანამეგობრობის ქვეყნებსა და სამეფოებს, ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს, ბრიტანეთის გვირგვინის მიწებს ანუ სამფლობელოებს, ნორმანდიის კუნძულებს ლა-მანშის სრუტეში, ბრიტანეთის იმპერიის ყოფილ კოლონიებსა და ანგლოსფეროს (ინგლისურენოვან ქვეყნებს).

ინსტიტუტის კვლევის ძირითადი მიმართულებების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მიღება მომავალ ავტორებს შეუძლიათ სამეცნიერო ჟურნალის რედაქციაში ელექტრონულ მისამართზე (bramsinsitutite@gmail.com)

ჟურნალის ძირითადი სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მოქალაქეთა სურვილის შემთხვევაში, ნებადართულია სტატიების წარმოდგენა რუსულ ენაზეც.

სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 სექტემბერი.

 

 

სტატიის გაფორმების წესი

სამეცნიერო სტატიის საორიენტაციო მოცულობაა 10 ათასიდან 25 ათას სიმბოლომდე. ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, სტატიის მოცულობა შეადგენს ხუთიდან თხუთმეტ კომპიუტერულ გვერდს.

A4 ფორმატის გვერდზე სტატია უნდა აიკრიფოს 12 ზომის შრიფტით: ქართულისთვის AcadNusx (ბეჭდური ჟურნალისათვის) და Sylfaen (ელექტრონული ჟურნალისათვის), ინგლისურისა და რუსულისთვის  — Times New Roman. სტრიქონების დაშორება უნდა იყოს 1.5 ინტერვალი.

ავტორმა სტატია უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთ სამუშაო ენაზე და უნდა ახლდეს რეზიუმე სამივე ენაზე. რეზიუმეს მინიმალური მოცულობაა 100 სიტყვა და არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.

ნაშრომში დაცული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობა:

  1. ავტორის სახელი და გვარი;
  2. სამეცნიერო ხარისხი;
  3. ამჟამინდელი სამუშაო ადგილი, დაკავებული თანამდებობა, დაწესებულება;
  4. საკონტაქტო მონაცემები (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი, მისამართი);
  5. ძირითადი სამეცნიერო პუბლიკაციები;
  6. მოღვაწეობის სფეროები ანდა პროფესიული მიღწევები;
  7. სტატიის სათაური;
  8. საკვანძო სიტყვები და ტერმინები;
  9. სტატია (ძირითადი ტექსტი);
  10. გამოყენებული ლიტერატურა;
  11. რეზიუმე ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე (ავტორთა გვარ-სახელის, სამეცნიერო ხარისხისა და წოდების, სტატიის სათაურის მითითებით).

თუ სტატიას ერთზე მეტი ავტორი ჰყავს, აუცილებელია თითოეული თანაავტორის შესახებ სრულად მიუთითოთ ნაშრომისთვის წაყენებული პირობების 1-6 პუნქტები.

სტატიაში სქოლიოები არ გამოიყენება. მითითება ხდება გამოყენებულ ლიტერატურაში წყაროს რიგითი ნომრისა და შესაბამისი გვერდების აღნიშვნით. გამოყენებულ ლიტერატურაში წყარო უნდა მიეთითოს ორიგინალის ენაზე ოქსფორდის ციტირების სტილის დაცვით:

  1. წიგნის ან მონოგრაფიის მითითებისას: ავტორის (ავტორთა) ან რედაქტორის (რედკოლეგიის თავმჯდომარის) სახელი და გვარი, ნაშრომის სათაური, ქალაქი, გამომცემლობა, გამოცემის წელი;
  2. სტატიის მითითებისას: ავტორი (ავტორთა) გვარი და სახელი, სტატიის სათაური, გამოცემის სახელწოდება, გამოცემის წელი, ნომერი, შესაბამისი გვერდები;
  3. პერიოდული გამოცემის მითითებისას: გამოცემის სახელწოდება (იმის მითითებით გაზეთია, ჟურნალი, ალმანახი თუ მისთ.), ნომერი, წელი;
  4. ელექტრონული გამოცემის მითითებისას: თუ მასალა ელექტრონული წიგნი ან მონოგრაფიაა, მიუთითეთ 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ხოლო თუ მასალა ელექტრონული სტატიაა, გამოიყენეთ მე-2 პუნქტში აღნიშნული წესი. ორივე შემთხვევაში, ბოლოს დაამატეთ ვებგვერდის მისამართი (ბმული);
  5. ინტერნეტული წყაროს მითითებისას: მასალის ავტორი და სათაური, მასალის ონლაინ განთავსების თარიღი (თუ თარიღი არაა აღნიშნული, ამ შემთხვევაში მიუთითეთ თქვენს მიერ მასალის მოძიების თარიღი), ვებგვერდის მისამართი (ბმული).

სქემების ანდა გრაფიკების არსებობის შემთხვევაში, ისინი უნდა განთავსდეს სტატიის ტექსტში შესაბამის ადგილას ფორმატით TIF 300dpi; 600dpi. ფორმულები უნდა აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში Microsoft Equation 2.1.

 

 

სტატიის მიღების წესი

ავტორმა ნაშრომის ელექტრონული ვერსია უნდა გამოაგზავნოს ჟურნალის რედაქციის ელექტრონულ მისამართზე (bramsinstitute@gmail.com) MS Word დოკუმენტის სახით. მასალის გამოგზავნისას, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში ავტორმა უნდა მიუთითოს: სტატია — ავტორის გვარ-სახელი (მაგალითად, სტატია — დიმიტრი გელოვანი).

სამეცნიერო სტატია უნდა აკმაყოფილებდეს სტატიის გაფორმების ყველა მოთხოვნას, თან უნდა დაერთოს დარგის სპეციალისტის რეცენზია აღნიშნულ ნაშრომზე. რეცენზიის ორიგინალი შესაძლებელია გაიგზავნოს ბრიტანეთისა და ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის სახელზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში (მისამართზე: ირინა ენუქიძის ქ. 3, 0159 თბილისი, საქართველო), ანდა სკანირებული სახით — ჟურნალის რედაქციის ელექტრონულ მისამართზე (bramsinstitute@gmail.com). გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ასევე — ბრიტანეთისა და ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებისათვის რეცენზიის გამოგზავნა სავალდებულო არ არის.

სტატიის წარმოდგენის სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში, რედაქცია ავტორს მიუთითებს ნაკლოვან მხარეებზე და საშუალებას მისცემს სათანადოდ შესწორებული სახით მასალა ხელახლა წარმოადგინოს განსახილველად. მიღების, შესწორების აუცილებლობის ან უარის შესახებ გადაწყვეტილება ავტორს  ეცნობება ინდივიდუალურად ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ნაშრომის წარმოდგენიდან რვა კვირის განმავლობაში.

 

 

სტატიის განხილვის წესი

გამოგზავნილ სტატიას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მიღების ყველა პირიობას, განიხილავს ჟურნალის სარედაქციო საბჭო. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ნაშრომი განთავსდება ჟურნალის შესაბამის ნომერში და ამის თაობაზე ეცნობება სტატიის ავტორს.

უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, ავტორს შეუძლია მოითხოვოს სტატიის გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის გაცნობა. რეცენზირება ანონიმურია და ავტორს არა აქვს უფლება, შეიტყოს რეცენზენტის ვინაობა. დასკვნა ან მისი ასლი არ ეგზავნება ავტორს და ინახება სამეცნიერო ჟურნალის რედაქციის არქივში მომდევნო ათი წლის განმავლობაში.

თავისი ნაშრომის გამოგზავნით, ავტორი ადასტურებს, რომ ჟურნალის რედაქცია უფლებამოსილია სტატია გაასწოროს სტილისტურად, გრამატიკულად, ფაქტობრივად, ტექნიკურად და ა.შ. რედაქტირება მოხდება სამეცნიერო თემატიკასთან დაკავშირებით სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად.

სტატიის გამოქვეყნების თაობაზე ავტორებს ეცნობებათ ინდივიდუალურად ელექტრონული ფოსტის საშუალებით. სურვილის შემთხვევაში, რედაქცია ავტორს მიაწვდის ჟურნალის ბეჭდურ ეგზემპლარს მას შემდეგ, რაც მოხდება შეთანხმება მიწოდების პირობებთან დაკავშირებით ავტორსა და რედაქციას შორის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დადგენილი წესის შესაბამისად.

 

 

საავტორო უფლება

ავტორი პასუხისმგებელია ნაშრომის ღირებულებასა და ორიგინალურობაზე. სტატიის წარმოდგენის მომენტში იგი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნებისმიერ სხვა გამოცემაში, მათ შორის, ელექტრონული ვერსიის სახით. საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორსა და სამეცნიერო ჟურნალს. ამასთანავე, მასალის გამოყენებაზე ექსკლუზიური უფლება აქვს ბრიტანეთისა და ამერიკის შესწავლის ინსტიტუტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს.